- ტედი რინერთან ერთად, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ინალ ტასოევსაც ერგო
- ძიუდოს ფედერაციამ შეცდომა აღიარა და ორივე ფინალისტი გამარჯვებულად გამოაცხადა
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მძიმე წონითი კატეგორიის (+100 კგ.) გამარჯვებულად, ტედი რინერთან ერთად რუსი ინალ ტასოევი გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ფრანგმა ლეგენდამ ტასოევს, რომელიც კატარის დედაქალაქ დოჰაში გამართულ ტურნირზე ნეიტრალური ათლეტის რანგში გამოდიოდა, გოლდენ სქორში ვაზარით აჯობა. თუმცა, მანამდე იყო ეპიზოდი, როდესაც ტასოევმა აწ უკვე მსოფლიოს 11-გზის ჩემპიონი კონტრილეთზე დაიჭირა. ბევრის აზრით, ის გდება შეფასებას იმსახურებდა, მაგრამ მსაჯებმა სხვაგვარად განსაჯეს.

მოგვიანებით, IJF-მა შეცდომა აღიარა, დღეს კი, კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო და რინერთან ერთად, ოქროს მედალი ტასოევსაც გადასცა, ამასთან, 25 წლის ვლადიკავკაზელმა ძიუდოისტმა შესაბამისი სარეიტინგო ქულებიც მიიღო.
"რინერისა და ტასოევის ფინალის დროს შეიქმნა სიტუაცია, როდესაც არც ტატამის მსაჯსა და არც არბიტრთა კომისიას გდება არ შეუფასებია. დეტალურმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ არსებული წესების თანახმად, ტასოევის კონტრილეთისთვის შეფასების მინიჭება შეიძლებოდა. ამიტომ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ტურნირის გამარჯვებულად ორივე ძიუდოისტს ახადებს და ოქროს მედალსა და სარეიტინგო ქულებს ინალ ტასოევსაც მიანიჭებს", - ნათქვამია განცხადებაში.
ამგვარად, რუსულ დელეგაციას გასულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 2 ოქროს მედალი მოუგროვდა. ტასოევის გარდა, ასევე ნეიტრალური ათლეტის რანგში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე არმან ადამიანი (100 კგ.) ავიდა. შეგახსენებთ, რომ დოჰაში ასევე 2 ჩემპიონი ჰყავდა საქართველოს: ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) და ლუკა მაისურაძე (90 კგ.).
კომენტარები