- კარლოს ალკარასი 3:6, 7:5, 1:6, 1:6 ნოვაკ ჯოკოვიჩი
- სერბმა რეიტინგის ლიდერს აჯობა და ფინალში ითამაშებს
- ალკარასი კარგად თამაშობდა, მაგრამ ტრავმამ ხელი შეუშალა
ნოვაკ ჯოკოვიჩი როლან გაროსის ფინალშია! ლეგენდარულმა სერბმა ნახევარფინალში რეიტინგის ლიდერი კარლოს ალკარასი ოთხ სეტში - 6:3, 5:7, 6:1, 6:1 დაამარცხა.
ესპანელი, რომელსაც ბრწყინვალე ტურნირი ჰქონდა, ნოლეს არაფერს უთმობდა და ორი სეტის შემდეგ ანგარიში თანაბარიც იყო, მაგრამ მე-3 სეტის სტარტი გადამწყვეტი აღმოჩნდა. ალკარასმა ერთ-ერთი დარტყმის დროს ფეხი დაიზიანა, რის გამოც თამაშის დარჩენილი ნაწილი კორტზე ტრავმიანმა გაატარა, რამაც ბუნებრივია შეხვედრაზე გავლენა იქონია.
ალკარასის დასახმარებლად ჯოკოვიჩიც მივიდა, მაგრამ ბუნებრივია, ეს უბრალოდ კარგი ჟესტი იყო. კარლოსმა თამაში გააგრძელა, თუმცა, ეს მხოლოდ ფორმალობა გამოდგა, რადგან, როგორც მე-3, ისე მე-4 სეტი, სერბმა 6:1, 6:1 მოიგო და საბოლოოდ გამარჯვებაც იზეიმა.

ცხადია, ჯოკოვიჩი შეხვედრის გარდამტეხ მომენტში უფრო მაგრად ათამაშდა და პრაქტიკულად შეუჩერებელი გახდა, მაგრამ ალბათ, ესპანელის ტრავმაც მნიშვნელოვანი ფაქტი იყო. ყოველ შემთხვევაში, ერთი ალკარასი იყო ტრავმამდე და მეორე - მის შემდეგ.
თამაში 3 საათისა და 15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. ჯოკოვიჩს 8 ეისი და 3 ორმაგი შეცდომა მოუგროვდა, ხოლო ესპანელმა 3 ეისი მიითვალა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა. ნოლემ 39 ვინერსი დააგროვა და 36 უნებლიე შეცდომა დაუშვა, ხოლო ალკარასს 35 ვინერსის საპირწონედ 50 უნებლიე შეცდომა ჰქონდა.
ნოვაკ ჯოკოვიჩი 34-ედ ითამაშებს დიდი ლემის ფინალში, რაც რეკორდია, ხოლო კვირას გამარჯვების შემთხვევაში 23-ედ დაეუფლება დიდი სლემის ტიტულს, რაც ასევე რეკორდი იქნება. კონკრეტულად როლან გაროსის ფინალში სერბი მეშვიდედ გავიდა, ეს ტიტული კი მხოლოდ 2-ჯერ აქვს მოგებული (2016 და 2021 წლებში).
მეორე ფინალის დღეს, კასპერ რუდისა და ალეკსანდრ ზვერევის დაპირისპირებაში გაირკვევა, ხოლო ფინალი 11 ივნისს შედგება.
კომენტარები