- საქართველოს ნაკრების 22 წლის ფორვარდი, შესაძლოა, ლონდონურ კლუბში აღმოჩნდეს
- LA GAZZETTA DELLO SPORT: ახალი კვარა? მეცს მიათრევს, ჩელსი აკვირდება
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული მეცის შემტევ გიორგი მიქაუტაძით მორიგი ევროპული გრანდი დაინტერესდა. ბრიტანული HITC-ის ცნობით, მისი საკუთარ რიგებში ხილვა ლონდონის არსენალს სურს.
"არსენალს ერთი შეხედვით ძალიან მძლავრი შემადგენლობა ჰყავს, თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ მათი თავდასხმის ხაზი გადატვირთულია. საუბარია ფოლარინ ბალოგუნის გაყიდვაზე, რა შემთხვევაშიც 9 ნომრის პოზიციაზე გუნდს მხოლოდ გაბრიელ ჟესუსი და ედი ნკეტია დარჩება. ამასთან, ლონდონელთა მთავარი მწვრთნელის მიკალე არტეტასა და ტექნიკური დირექტორის ედუ გასპარის პრიორიტეტებიც უნდა გავითვალისწინოთ. მათ ახალგაზრდა, გოლზე დაგეშილი შემტევები ძალიან იზიდავთ. ამ ფონზე მიქაუტაძით დაინტერესება, რომელსაც პრემიერლიგის კიდევ ერთი კლუბი ბარნლიც აკვირდება (მზადაა, 17 მილიონი გირვანქა გადაიხადოს), მოულოდნელი არაა".
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების 22 წლის თავდამსხმელის წყალობით (37 მატჩში 23 გოლი და 8 საგოლე პასი მიითვალა), მეცმა ფაქტობრივად გაინაღდა ლიგა 1-ის საგზური (ბორდო-როდეზის ჩაშლილ მატჩთან დაკავშირებით, ფორმალური გადაწყვეტილებაა მისაღები). შედეგად, მიქაუტაძე ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
ქართველი ფორვარდი მეცში შარშან ზაფხულში, ბელგიურ სერენში იჯარით გატარებული ორი სეზონის შემდეგ დაბრუნდა. გიორგის ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, თუმცა არსებობს დიდი მოლოდინი, რომ ის ზაფხულში კლუბს შეიცვლის. მიქაუტაძის მომავალს უკავშირებენ ლიონს, ბარნლის, ვულვზს, მილანს, უდინეზესა და ტორინოსაც.
კომენტარები