Thumbnail

როლან გაროსი | მეორე ფინალისტიც გაირკვა - რუუდმა ზვერევს შანსი არ დაუტოვა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

როლან გაროსზე ფინალის მე-2 მონაწილე გაირკვა. ის ნორვეგიელი კასპერ რუუდია, რომელმაც ნახევარფინალში გერმანელი ალექსანდერ ზვერევი მოულოდნელად იოლად - 6:3, 6:4, 6:0 დაამარცხა.

თამაში ორ საათზე ცოტა მეტს გაგრძელდა და ზვერევი რიგ ეპიზოდებში სკანდინავიელისთვის სათანადო წინააღმდეგობის გაწევს ახერხებდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, კასპერი გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა. მან 10-დან 6 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, საშამ კი მხოლოდ 1 ბრეიკი განახორციელა.

საინტერესოა, რომ 24 წლის რუუდმა როლან გაროსის ფინალში ზედიზედ მეორედ გააღწია: შარშან მან ესპანელ რაფაელ ნადალთან 3:6, 3:6, 0:6 წააგო. კასპერს ასევე უთამაშია აშშ-ს ღია პირველობის ფინალში და მაშინაც ტიტულიც გარეშე დარჩა: 2022 წელს მას კარლოს ალკარასმა 6:4, 2:6, 7:6 (7:1), 6:3 სძლია. ნორვეგიელს კარიერაში უკვე 10 ტიტული აქვს მოგებული, თუმცა, ყველა ATP 250-ის ეგიდით.

ამჯერად, რუუდს სლემ-ტურნირის გადამწყვეტ მატჩში კიდევ ერთი ვარსკვლავი ელის. 11 ივნისს კასპერის პირისპირ სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი დადგება, რომელმაც მე-2 ნახევარფინალში ხსენებულ ალკარასს სძლია და დიდი სლემის ტურნირის ფინალში 34-ედ გავიდა, კონკრეტულად როლან გაროსზე კი მე-3 ტიტულის ასაღებად იბრძოლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები