Thumbnail

ჩემპიონთა ლიგის ფინალში მანჩესტერ სიტისა და მილანის ინტერის დაპირისპირებამდე, ინგლისელთა მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ პრესკონფერენცია გამართა. ესპანელი სპეციალისტის თქმით, ის ძალიან ნერვიულობს და თამაშის მოახლოებასთან ერთად, ეს ყველაფერი კიდევ უფრო გამძაფრდება.

"გარკვეული მიზნების მიღწევა ოცნებაა, მათ შორის, აუცილებლად ჩემპიონთა ლიგის მოგებაცაა. ჩვენთვის ექსტრაფავორიტის რანგში თამაში უჩვეულო არ არის. ვცდილობდი, ჩემი გუნდი მაქსიმალურად მომემზადებინა და ყველასგან მაქსიმუმი მივიღო. არ ვფიქრობ, რომ ფავორიტები ვართ, ისევე, როგორც არ ვფიქრობ, რომ ევროპულ დონეზე ინტერის უფრო მეტი ტიტული გავლენას მოახდენს. მხოლოდ იმას ექნება მნიშვნელობა, ვინ გააკეთებს მოედანზე უფრო მეტს და ვინ ითამაშებს უკეთ. ჩვენი გულშემატკივრებისგან დიდ მხარდაჭერას ველით, ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. არ დავმალავ, რომ მუცელში პეპლებს ვგრძნობ, ისინი უფრო მეტად ამოძრავდებიან, როცა მატჩის დაწყებამდე მხოლოდ რამდენიმე საათი დარჩება. ეს მხოლოდ საფეხბურთო მატჩია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მსგავსი ტურნირის ფინალში ხშირად ვერ მოხვდები. თუ მოვიგებთ, ევროპის უძლიერესი გუნდი ვიქნებით, თუ არადა - მეორე".

ხვალინდელი თამაშის გეგმაზე პეპი ამბობს: "ინტერი მხოლოდ დაცვაში თამაშს არ არის მიჩვეული. იტალიურმა გუნდებმა კარგად იციან სივრცეების ათვისება, მაგრამ ინტერს შეუძლია შეტევაც და ბურთით თამაში. უტევენ, როგორც ცენტრიდან, ისე - ფლანგებიდან, თუ რამეს არასწორად გავაკეთებთ, შეიძლება დიდი პრობლემები შეგვექმნას. საჭირო იქნება, რაც შეიძლება ნაკლები შეცდომის დაშვება და მაღალი დაცვით თამაში. თამაშის გეგმა სტაბილურად უნდა დავიცვათ, ვიცოდეთ, რა უნდა გავაკეთოთ, მაგრამ არის სიტუაციები, როცა საჭიროა ყველა მცველი იყოს ან ყველა - თავდამსხმელი. საჭირო იქნება მოთმინება გამოვიჩინოთ და თავიდანვე დავიცვათ გეგმა, რადგან იტალიელები მიიჩნევენ, რომ 0:0-ზე უპირატესობა აქვთ".

პეპს ჰაალანდის შესახებაც ჰკითხეს, რომელმაც ბოლო 7 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა, თუმცა, ესპანელი მშვიდადაა: "სტატისტიკაზე არ ვსაუბრობ და მასში ეჭვი არ მეპარება. ის ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დაგვეხმარება. გუნდური იდეები უნდა გვქონდეს და ერთად უნდა ვითამაშოთ. ჩემი დამსახურება არ არის ჰაალანდის და მესის ასეთი თამაში, პირიქით, დიდი ფეხბურთელები ქმნიან მწვრთნელებს".

ესპანელმა სპეციალისტმა ლაუტარი მარტინესსა და ზოგადად, ინტერის შესახებაც ისაუბრა: "ის განსაკუთრებული ფეხბურთელია, მსოფლიოს ჩემპიონი, ფინიშერი და ყოველთვის შეუძლია მეტოქეს პრობლემები შეუქმნას, მაგრამ სხვებსაც უნდა ვუფრთხილდეთ. მაგალითად, ონანა საოცარი მეკარეა და ინტერის თამაში მასზეც არის დამოკიდებული. მცველები ბასტონის ლიდერობით იწყებენ შეტევებს და მომენტებს უქმნიან თავდამსხმელებს".

დე ბრუინს ჩემპიონთა ლიგა არასდროს მოუგია

ფინალის წინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს კევინ დე ბრუინმა და რუბენ დიაშმაც უპასუხეს. მათი აზრით, მანჩესტერ სიტის უპირატესობა არ აქვს, რადგან ფინალს ფავორიტი არასდროს ჰყავს.

რუბენ დიაში: "ყველა ამბობს, რომ ფავორიტები ვართ და ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც შეიძლება დავუშვათ, არის ის, რომ ეს დავიჯეროთ. ფინალია და არ შეიძლება ფავორიტი იყო, როდესაც მოედანზე გადიხარ. ბრენტფორდთან წავაგეთ, რომელიც ინტერივით 2 ფორვარდით თამაშობს? ეს რთული შედარებაა. ყოველი წელი განსხვავებულია, ამდენად, წარსულის იმედგაცრუებებზე არ ვფიქრობ. ორი ტიტული უკვე მოვიპოვეთ და გვინდა, მესამე მოვიპოვოთ".

კევინ დე ბრუინი: "ამ გუნდში დიდი ხანია ვარ, აქ 8 საოცარი წელი გავატარე, ლამაზი მომენტები გამოვიარე. თუმცა, ჩემპიონთა ლიგაში დიდი ხანია ვთამაშობთ და არასდროს მოგვიგია. ახლა უნდა ვიპოვოთ გზა, რომ ეს გავაკეთოთ ჩვენთვის, კლუბისთვის, გულშემატკივრებისთვის და ყველასთვის. მადლობას ვუხდი ინძაგის, რომელმაც თქვა, რომ მსოფლიოში უძლიერესი გუნდი გვყავს. ბევრი ვიმუშავეთ, რომ პრემიერლიგა მოგვეგო და აქ მოვხვედრილიყავით. ბოლო ნაბიჯი გვაკლია ფინიშამდე, მაგრამ სეზონი მაინც წარმოუდგენელი იყო. ინტერი კომპაქტური გუნდია, ორი კარგი თავდამსხმელი ჰყავს და თავს კარგად იცავენ. გახსნილ მატჩს არ ველოდები და არ უნდა ვინერვიულოთ, გოლს სწრაფად თუ ვერ გავიტანთ. არ მგონია, რომ თავიდანვე ბევრი მომენტი გვექნება, უბრალოდ ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ და გოლს აუცილებლად გავიტანთ. ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩემთვის ოცნებაც არის და აკვიატებაც. ყველა პროფესიონალს სურს ამ ტურნირის მოგება, ყოველწლიურად უფრო რთული ხდება თამაში, რადგან საუკეთესოებს ეთამაშები. დაღლილები არ ვართ, სეზონი სრულდება, გვინდა, ბოლო ძალისხმევა გამოვავლინოთ და შემდეგ ვიზეიმოთ".

შეგახსენებთ, რომ ინტერს ჩემპიონთა თასი/ლიგა 3-ჯერ აქვს მოგებული, მაგრამ მას შემდეგ, რაც ტურნირს ჩემპიონთა ლიგა ეწოდა, ფინალში სულ რაღაც მეორედაა. მანჩესტერ სიტისთვისაც მეორე ფინალია, მაგრამ ინგლისურ გუნდს ეს ტურნირი არასდროს მოუგია. პეპ გვარდიოლა ჩემპიონთა ლიგის 2-გზის გამარჯვებულია მწვრთნელის რანგში, თუმცა, ბოლოს ეს ტიტული 2011 წელს მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები