- მაიამი ჰიტი 95:108 დენვერ ნაგეტსი
- დენვერს ჩემპიონობისთვის ერთი მოგება სჭირდება
ერთი მოგებაც და დენვერი NBA-ს ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდება. ნიკოლა იოკიჩის გუნდმა მაიამის სტუმრად მეორე მატჩშიც აჯობა და ფინალურ სერიაში უკვე 3:1-ს იგებს.
კოლორადოელებმა შეხვედრა 108:95 მოიგეს. მათ გადამწყვეტი უპირატესობა მესამე მეოთხედში მოიპოვეს, როდესაც მეტოქეს 13 ქულით გაექცნენ. დენვერს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია და ახლა ჩემპიონის ტიტულის მოპოვება საკუთარ არენაზე შეუძლია.
სტუმრებს აარონ გორდონმა 27 ქულით ულიდერა, ნიკოლა იოკიჩმა შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულა. სერბმა 23 ქულა, 12 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. დენვერიდან 20-ქულაზე მეტი კიდევ ერთმა კალათბურთელმა ჩააგდო. ბრიუს ბრაუნის ანგარიშზე 21 ქულა იყო, ჯამალ მარიმ კი შეხვედრა 15 ქულით დაასრულა. მარი გახდა NBA-ს ფინალების ისტორიაში პირველი მოთამაშე, რომელმაც ზედიზედ ოთხ მატჩში შეძლო 10 და მეტი პასის გაკეთება.
რაც შეეხება მაიამის, ჯიმი ბატლერმა მატჩი 25 ქულით, 7 მოხსნითა და 7 პასით დაასრულა. ადებაიოს კი ორმაგი დუბლი ჰქონდა - 20 ქულა, 11 მოხსნა და 3 პასი.
დენვერისა და მაიამის მორიგი დაპირისპირება 13 ივნისს გაიმართება. დენვერი საკუთარ არენაზე სერიის დასრულებას ეცდება. მაიამი უმძიმეს მდგომარეობაშია. სტატისტიკის მიხედვით, NBA-ს ფინალებში 36-ჯერ დაფიქსირდა ისეთი ანგარიში, როდესაც გუნდი 3:1-ს იგებდა. მხოლოდ ერთმა კლუბმა შეძლო ასეთი სერიის შეტრიალება. კლივლენდ კავალიერსმა და ლებრონ ჯეიმსმა 2016 წელს გოლდენ სტეიტს 1:3-დან აჯობეს და ჩემპიონები გახდნენ.
კომენტარები