- ესპანური მედია ვალენსიას ქართველი მეკარის მსურველებზე ისევ წერს
- 22 წლის ქართველი სევილიაში იასინ ბონოს შემცვლელად განიხილება
საქართველოს ეროვნული გუნდისა და ვალენსიას მეკარე გიორგი მამარდაშვილი თბილისშია და ივნისის სანაკრებო მატჩებისთვის ემზადება, ესპანურ მედიაში კი 22 წლის ქართველი გოლკიპერის მომავალზე ახალი ინფორმაცია ჩნდება.
კიდევ ერთი კლუბი, რომელსაც ვალენსიას მეკარის მომავალს უკავშირებენ, სევილიაა, რომელმაც სულ ახლახან ევროპალიგა მოიგო.
"გიორგი მამარდაშვილი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოთამაშეა ამ ზაფხულს. კონკრეტული შეთავაზება ჯერ არ ყოფილა, მაგრამ ქართველი მეკარის მიმართ სევილიას ინტერესზე უკვე საუბრობენ, რომელსაც მოსალოდნელია, რომ ზაფხულში იასინ ბონო დატოვებს.
თუკი მოროკოელი კლუბს მართლაც შეიცვლის, დიდი შანსია, მამარდაშვილი ევროპალიგის მოქმედი ჩემპიონების რიგებში აღმოჩნდეს და გუნდის პირველი მეკარის სტატუსისთვის მარკო დმიტროვიჩის კონკურენტი გახდეს", - წერს Eldesmarque და იქვე აღნიშნავს, რომ ანდალუსიელებს გიორგისთვის ბრძოლაში მეტოქეებად როგორც ესპანური ლა ლიგის, ისე ინგლისის პრემიერლიგისა და პორტუგალიის კლუბები ეყოლებათ. საუბარია ვილიარეალზე, მადრიდის ატლეტიკოზე, ლონდონის ჩელსიზე, ტოტენჰემზე, ასტონ ვილასა და პორტუზე.

მამარდაშვილს ვალენსიასთან ხელშეკრულება 2027 წლამდე აკავშირებს, რომელშიც პირგასამტეხლო თანხად 100 მილიონი ევროა ჩაწერილი.
გიორგი მამარდაშვილმა 2022/23 წლების სეზონში ვალენსიას კარი ყველა ტურნირის 42 შეხვედრაში დაიცვა, გაუშვა 49 გოლი, 9 თამაშში კი კარი მშრალად შეინახა. ვალენსიასთვის სეზონი მძიმე გამოვიდა და ბოლო ტურამდე გუნდს ლა ლიგაში ადგილი გარანტირებული არ ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ ჩემპიონატი 42 ქულით, მე-16 ადგილზე დაასრულა და გავარდნას გადაურჩა.
კომენტარები