Thumbnail
  • კორეის ლიგაში 30 წლის ქართველის შედეგიანი გამოსვლა გრძელდება
  • ვაკო ყაზაიშვილმა ულსანი-ჩეჯუს შეხვედრაში დაიწყო და დაამთავრა

ულსან ჰიუნდაის შემტევმა ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა კორეის ჩემპიონატში მორიგი გოლები გაიტანა და საგოლე პასიც მიითვალა. 30 წლის ქართველმა ფეხბურთელმა დუბლით თავი K-ლიგის მე-18 ტურის შეხვედრაში, ჩეჯუ იუნაიტედთან გამოიჩინა.

ვაკომ, რომელიც მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო, 31-ე წუთზე მეტოქის კარში დანიშნული 11-მეტრიანი უნაკლოდ შეასრულა - ბურთი მეკარის ნახტომის საპირისპირო კუთხეში გაუშვა და ანგარიში გახსნა. 

ულსანის ფეხბურთელებმა მეორე ტაიმში კიდევ ოთხი გოლის გატანა მოახერხეს და თამაში საბოლოოდ ანგარიშით 5:1 მოიგეს. ვაკომ მონაწილეობა თავისი გუნდის მეოთხე და მეხუთე გოლებში მიიღო - 71-ე წუთზე თანაგუნდელს გაატანინა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-4 წუთზე კი მეკარესთან პირისპირ მყოფმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ვაკო ყაზაიშვილის ანგარიშზე კორეის მიმდინარე ჩემპიონატის 17 შეხვედრაში გატანილი 8 გოლი და 1 საგოლე პასია. ამ შედეგით ქართველი ფეხბურთელი ლიგის ბომბარდირთა დავაში მხოლოდ თანაგუნდელ ჩუ მინგიუს ჩამორჩება, რომლის ანგარიშზე 10 გოლია.

სამხრეთ კორეის მოქმედი ჩემპიონი ულსან ჰიუნდაი სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს. ვაკოს გუნდს ამ გამარჯვების შემდეგ 44 ქულა აქვს და უახლოეს მდევარს 14 ქულით უსწრებს. მომდევნო შეხვედრას ულსანი 24 ივნისს, შინ ტეგუსთან ჩაატარებს.   

კომენტარები

ბოლო ამბები