Thumbnail

როლან გაროსი | იგა შვიონტეკმა ტიტული მძიმე ბრძოლაში დაიცვა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • იგა შვიონტეკი 6:2, 5:7, 6:4 კაროლინა მუხოვა
  • იგა შვიონტეკმა როლან გაროსი ზედიზედ მეორედ, კარიერაში კი მესამედ მოიგო
  • 22 წლის პოლონელმა ჩოგბურთელმა დიდი სლემის ტურნირში მეოთხედ გაიმარჯვა 

ზედიზე მეორე წელია, იგა შვიონტეკი როლან გაროსს იგებს! როგორც მოსალოდნელი იყო, მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა საფრანგეთის ღია პირველობის ფინალურ შეხვედრაში ჩეხ კაროლინა მუხოვას (WTA: 43), დაძაბულ ბრძოლაში, მაგრამ მაინც აჯობა და კარიერაში მეოთხე დიდი სლემის ტურნირის მოგება იზეიმა, საიდანაც სამი წარმატება სწორედ როლან გაროსზე მოდის. 

22 წლის პოლონელმა ჩოგბურთელმა პარიზის გრუნდზე პირველად 2020 წელს გაიმარჯვა, მეორედ - 2022 წელს. შარშან იგამ აშშ-ის ღია პირველობაც მოიგო. რაც შეეხება 26 წლის მუხოვას, ჩეხისთვის დიდი სლემის ტურნირის ფინალში თამაშიც კარიერის მთავარი მიღწევა იყო.

ჩეხმა ჩოგბურთელმა პოლონელ ვარსკვლავს დიდი წინააღმდეგობა გაუწია

შვიონტეკმა პირველი სეტი ორი ბრეიკით მარტივად მოიგო და მეორეშიც 3:0 დაწინაურდა, მაგრამ ამის შემდეგ თამაშის სურათი რადიკალურად შეიცვალა - მუხოვა გამოცოცხლდა, ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი დაწინაურდა კიდეც. ჩეხმა 6:5-ზე მესამე სეტბოლი გამოიყენა და შეხვედრა მესამე სეტში გადაიყვანა. აღსანიშნავია, რომ იგამ დიდი სლემის ტურნირების ფინალებში სეტი კარიერაში პირველად წააგო.  

მესამე პარტიაც დრამატული გამოვიდა. ჯერ კაროლინა გავიდა ბრეიკით წინ (2:0), შემდეგ იგამ გაათანაბრა (2:2). მოგვიანებით 3:3-ზე ისევ ჩეხმა დაარბრეიკა, შემდეგ - ისევ პოლონელმა. მე-9 გეიმში მუხოავამ ბრეიკ-პოინტის რეალიზება ვერ მოახერხა და შვიონტეკი 5:4 დაწინაურდა. კაროლინამ თავის მოწოდებაზე ისევ ცუდად ითამაშა, პოლონელმა დააბრეიკა და შეხვედრა, რომელიც 2 საათსა და 49 წუთს გაგრძელდა, თავის სასარგებლოდ დაასრულა.s

შვიონტეკმა 1 ეისი შეასრულა, 11-იდან 7 ბრეიკ-პოინტის რეალიზება შეძლო და დაუშვა 3 ორმაგი შეცდომა. მუხოვას ანგარიშზე 6 ეისი, 7-იდან 5 რეალიზებული ბრეიკ-პოინტი და 3 ორმაგი შეცდომა იყო.

პოლონელ ჩოგბურთელს ფინალში მძიმე ბრძოლის გადატანა მოუხდა

იგა შვიონტეკმა პარიზში ბრწყინვალე ფორმა წარმოაჩინა და გადამწყვეტ შეხვედრამდე მეტოქეებს სეტიც კი არ დაუთმო. პოლონელმა ფინალამდე გზიდან ესპანელი კრისტინა ბუშკე, ამერიკელი კლერ ლიუ, ჩინელი სინ იუ ვანი, უკრაინელი ლესია ცურენკო (ჩაეხსნა), ამერიკელი კორი გაუფი და ბრაზილიელი ბეატრის ჰადად მაია ჩამოიცილა. 

სხვათა შორის, დაჯილოდების ცერემონიალზე პოლონელს კაზუსი მოუვიდა. იგამ აღმართვისას თასი შემთხვევით დააზიანა, მაგრამ არ დაიბნა და ეპიზოდს იუმორით შეხვდა. 

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის როლან გაროსის ვაჟთა ტურნირის ფინალში ტიტულისთვის ერთმანეთს სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი (ATP: 3) და ნორვეგიელი კასპერ რუუდი (ATP: 3) დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 11 ივნისს, თბილისის დროით 16:30 სთ-ზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები