Thumbnail

ჩემპიონთა ლიგის ფინალით ფეხბურთში საკლუბო სეზონი დასრულდა, მაგრამ ტრადიციულ საზაფხულო პაუზაზე და დასვენებაზე ფიქრი ჯერ ადრეა, რადგან წინ სანაკრებო ამბები გველოდება - თან როგორი მნიშვნელოვანი ქართული ფეხბურთისთვის. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 17 და 20 ივნისს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები ელის კვიპროსზე და შოტლანდიაში. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს კი 21 ივნისიდან ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩები ელოდება - თანაც საქართველოში, რადგან როგორც იცით, U21 ევრო 2023-ს რუმინეთთან ერთად ჩვენი ქვეყანაც მასპინძლობს. რაც შეეხება გასული უიკენდის მნიშვნელოვან ამბებს:


კვარა | საუკეთესო ახალგაზრდა ჩემპიონთა ლიგაში

უეფამ ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელა! ეს უდიდესი აღიარებაა, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ქართველი სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელადაც აღიარეს. გარდა ამისა, დასახელდა სეზონის სიმბოლური ნაკრებიც, რომელშიც 7 ფეხბურთელი მანჩესტერ სიტის წარმომადგენელია. კვარაცხელია სეზონის სიმბოლურში ვერ მოხვდა - მარცხენა გარემარბის პოზიციაზე ადგილი მადრიდის რეალის შემტევს ვინისიუს ჟუნიორს ერგო. სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად კი სიტის ნახევარმცველი როდრი დაასახელეს.

📋 | ჩემპიონთა ლიგის ფინალთან და სეზონთან დაკავშირებული ყველა ბოლო ამბავი ნახეთ აქ.

ნაპოლი | ოსიმენი პსჟ-ში მიდის?

კვარაცხელია რომ ნაპოლიში რჩება, ეს ამ ეტაპზე გადაწყვეტილი ჩანს. აი, კვარას მთავარი პარტნიორი ვიქტორ ოსიმენი კი სამხრეთიტალიურ კლუბს დიდი ალბათობით დატოვებს. ნიგერიელის დამატება ყველაზე მეტად პარი სენ-ჟერმენს სურს. პარიზული კლუბის მთავარ მწვრთნელობასთან ძალიან ახლოსაა იულიან ნაგელსმანი, რომლის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ ოსიმენის ტრანსფერია. ჯერჯერობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, მაგრამ პსჟ-ს მზად აქვს ოსიმენისთვის სეზონში 10-12 მილიონი ევროს შეთავაზება. თუმცა, მანამდე კლუბს ნაპოლისთან შეთანხმების მიღწევა მოუწევს, რომელიც ნიგერიელ ბომბარდირში დაახლოებით 150 მილიონ ევროს ითხოვს.

📋 | ნაპოლისთან და კვარაცხელიასთან დაკავშირებული ყველა ბოლო სიახლე ნახეთ აქ.

მამარდა | ქართველი მეკარე სევილიაში?

საქართველოს ნაკრებისა და ვალენსიას მეკარე გიორგი მამარდაშვილი თბილისშია და ივნისის სანაკრებო მატჩებისთვის ემზადება, ესპანურ მედიაში კი 22 წლის ქართველი გოლკიპერის მომავალზე ახალი ინფორმაცია გავრცელდა. კიდევ ერთი კლუბი, რომელსაც ვალენსიას მეკარის მომავალს უკავშირებენ, სევილიაა, რომელმაც სულ ახლახან ევროპალიგა მოიგო. 

📋 | რას წერენ ესპანეთში მამარდაშვილის მომავალზე, წაიკითხეთ აქ.

ნაკრები | საქართველო სრული შემადგენლობით ვარჯიშობს

საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის უახლოესი ორი მატჩისთვის მზადებას აგრძელებს. ვილი სანიოლის გუნდმა კვირას სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში ნაკრებში გამოძახებული ყველა, 25 ფეხბურთელი მონაწილეობდა, მათ შორის გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც გუნდთან ერთად ამ შეკრებაზე პირველად ივარჯიშა. "გუნდში ძალიან კარგი გარემოა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთელისთვის და ზოგადად გუნდისთვის. მიხარია, რომ ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და ოპტიმალური შემადგენლობით ვართ." - ეს ოთარ კიტეიშვილის სიტყვებია.

📋 | ნაკრებზე ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კიტეიშვილი გველესიანის წინააღმდეგ
📷 | საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ჩოგბურთი | ჯოკოვიჩის 23-ე და სარეკორდო დიდი სლემი

24 წლის ახალგაზრდა ნორვეგიელი ჩოგბურთელი კასპერ რუუდი როლან გაროსის ფინალში ზედიზედ მეორედ მოხვდა და ამჯერადაც უძლიერესი მეტოქე ჰყავდა. გასულ ფინალში ის რაფაელ ნადალთან დამარცხდა, წელს კი, მატჩი სამ სეტში (6:7, 3:6, 5:7) შესანიშნავ ფორმაში მყოფ ნოვაკ ჯოკოვიჩთან დათმო, რომელიც კაცებში სარეკორდო, 23-ე დიდი სლემის ტიტულს უტევდა (ნადალს 22 აქვს). სერბი ჩოგბურთელისთვის ეს დაპირისპირება სხვა მხრივაც საინტერესო იყო - რონალ გაროსის მოგების შემდეგ, ის გახდა პირველი ჩოგბურთელი ისტორიაში, რომელმაც დიდი სლემის ყველა ტურნირის ტიტული მინიმუმ 3-ჯერ მოიპოვა. ჯოკოვიჩს ბოლოს როლან გაროსი 2021 წელს ჰქონდა მოგებული, პირველად კი ეს 2016 წელს მოახერხა.

ქალთა შორის კი როლან გაროსს ზედიზე მეორე წელია, იგა შვიონტეკი იგებს! როგორც მოსალოდნელი იყო, მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა საფრანგეთის ღია პირველობის ფინალურ შეხვედრაში ჩეხ კაროლინა მუხოვას (WTA: 43), დაძაბულ ბრძოლაში, მაგრამ მაინც აჯობა და კარიერაში მეოთხე დიდი სლემის ტურნირის მოგება იზეიმა, საიდანაც სამი წარმატება სწორედ როლან გაროსზე მოდის.

📋 | როლან გაროსის ფინალებზე ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები

ბოლო ამბები