Thumbnail
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ს განახლებულ რეიტინგში 263-ე ადგილზე იმყოფება
  • როლან გაროსზე გამარჯვების წყალობით, ლიდერობა დაიბრუნა ნოვაკ ჯოკოვიჩმა

31 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში ვარდნას განაგრძობს.

დღეს განახლებულ კლასიფიკაციაში ნიკამ კიდევ 65 ქულა დაკარგა, 45 ადგილით დაქვეითდა და ახლა, უკვე მსოფლიოს 263-ე ჩოგანია. ქართველ ჩოგბურთელს ამაზე უარესი შედეგი ბოლოს 9 წლის წინ ჰქონდა: 2014 წლის ივნისში 294-ე პოზიციაზე იყო.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდია ბასილაშვილის კარიერა უკან მიდის. მას ზედიზედ 8 მარცხი ჰქონდა, როდესაც ივნისის დასაწყისში მარჯვენა იდაყვზე ოპერაცია გაიკეთა და ახლა, რეაბილიტაციის პერიოდი უდგას.

თუ როდის დაუბრუნდება საქართველოს პირველი ჩოგანი კორტს, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ ძველ დონეზე ათამაშებას შესძლებს. შეგახსენებთ, რომ ნიკას კარიერის პიკი 2019 წლის მაისში ჰქონდა, როდესაც კლასიფიკაციის მე-16 საფეხურს უწია.

ვთქვათ ისიც, რომ განახლებულ რეიტინგში ლიდერობა დაიბრუნა სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რომელმაც როლან გაროსის ფინალში ნორვეგიელი კასპერ რუუდი დაამარცხა. ეს უკანასკნელი მე-4 საფეხურზეა, მეორე-მესამე ადგილებზე კი ესპანელი კარლოს ალკარასი და რუსი დანიილ მედვედევი იმყოფებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები