Thumbnail
  • 'წარმოდგენაც არ მქონდა, რასთან შეჯახება მომიწევდა'
  • უელსის ნაკრების მწვრთნელი ნანობს, რომ პოსტზე დაბრუნებას დათანხმდა

2023 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე უელსი მომავალ ტურნირს პრობლემებით ხვდება. ამის თაობაზე კომენტარი დრაკონების მთავარმა მწვრთნელმა უორენ გეტლანდმა გააკეთა, რომელიც უკვე ნანობს, რომ ეროვნულ გუნდში კიდევ ერთხელ მუშაობას დათანხმდა.

"როდესაც ნაკრებში დავბრუნდი, ბევრი რაღაც არ ვიცოდი. წარმოდგენაც არ მქონდა, რასთან შეჯახება მომიწევდა. პრობლემები ყველა მიმართულებით გამოჩნდა. მაშინ რომ მცოდნოდა, რა სიტუაცია დამხვდებოდა, ალბათ ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი და სამუშაოდ სხვაგან წავიდოდი. ეს პრობლემები, ალბათ, ადრეც არსებობდა, თუმცა, ეროვნული ნაკრების წარმატებები ყველაფერს ფარავდა. ახლა, ისინი წინა პლანზე გამოვიდა და იქნებ, ეს კარგიცაა, რადგანაც მათი მოგვარებისთვის ყველაფერი უნდა გავიღოთ".

შეგახხსენებთ, რომ გეტლანდი ახალზელანდიელი გეტლანდი უელსელებს 2007-2019 წლებშიც წვრთნიდა და გუნდი იაპონიაში გამართული მსოფლიო თასის მერე დატოვა, სადაც მისმა ნაკრებმა ნახევარფინალში გააღწია და მომავალ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან მხოლოდ 3 ქულით წააგო. უორენი "დრაკონების" დამრიგებლად გასული წლის დეკემბერში დააბრუნეს, როდესაც უეინ პივაკი შეცვალა. ამ უკანასკნელს შემოდგომის ტესტები ჩაგდება არ ეპატია, რომლის მიმდინარეობის დროსაც უელსმა საქართველოსთანაც წააგო.

უორენ გეტლანდს მსოფლიო თასის წინ საფიქრალი არ აკლია

სხვა საქმეა, რომ გეტლანდს ურთულესი მისია ერგო, რადგანაც ამჟამინდელი უელსის ნაკრები ბოლო წლებში, ალბათ, ყველაზე სუსტია. ამას ემატება ისიც, რომ უშუალოდ მსოფლიო თასის წინ ეროვნულ გუნდს რამდენიმე ლიდერი გამოაკლდა.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად საერთაშორისო კარიერის დასრულების შესახებ განცხადებები 33 წლის ჯასტინ ტიპურიკმა და 37 წლის ალუნ ვინ ჯონსმა გაავრცელეს, მალევე მათ რიგებს კიდევ ერთი ვარსკვლავი, 34 წლის რის ვები შეუერთდა და იგივე გზას დაადგა 31 წლის მეორეხაზელი ქორი ჰილიც. გეტლანდისთვის მოულოდნელად, ნაკრებში თამაში არ ისურვა 20 წლის ამომავალმა ვარსკვლავმა ჯო ჰოკინსმა, ხოლო 25 წლის ბურჯ რის ქარიზე უარი თავად სამწვრთნელო შტაბმა თქვა.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მსოფლიო თასი საფრანგეთში 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდება. ბორჯღალოსნები C ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მეტოქეებად ავსტრალია, უელსი, ფიჯი და პორტუგალია ეყოლებათ. კონკრეტულად უელსელებთან დაპირისპირება 7 ოქტომბერს ნანტში შედგება. ჯგუფის 2 საუკეთესო ნაკრები მეოთხედფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებს.

კომენტარები

ბოლო ამბები