Thumbnail

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე გრანდ სლემზე მეორე საშეჯიბრო დღის წინასწარი შეხვედრები გაიმართა. ტატამიზე საქართველოს ნაკრების ოთხი ძიუდოისტი გავიდა და მათგან ორი, დიმიტრი გოჩილაიძე (-81 კგ) და გიორგი ტერაშვილი (-73) ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლას აგრძელებენ. ფინალური ბლოკი 15:00 სთ-ზე დაიწყება.
  
73 კგ-მდე წონით კატეგორიაში კოტე კაპანაძემ და გიორგი ტერაშვილმა იასპარეზეს. კაპანაძემ მხოლოდ პირველი წრის შეხვედრა მოიგო ავღანელ მოდ რეშად არიანთან, შემდეგ კი ყაზახ ჟანსაი სმაგულოვთან დამარცხა და ასპარეზობა დაასრულა. 

1/4-ფინალში გასვლა მოახერხა გიორგი ტერაშვილმა, რომელმაც გზიდან ჯერ ტურნირში ნეიტრალური სტატუსით მყოფი ბელარუსი რუსლან ჰალავაჩოუსი, შემდეგ კი პოლონელი კსავერი მორკა ჩამოიცილა. 20 წლის ქართველმა ძიუდოისტმა, ყაზახ დანიარ შამშაიევთან დამარცხების შემდეგ, რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ალჟირელ მესაუდ დრის დამატებით დროში გაფრთხილებებით აჯობა და ბრინჯაოსთვის ყაზახ ასკარ ნარკულოვთან იჭიდავებს.

81 კგ-მდე წონით კატეგორიაში დიმიტრი გოჩილაიძემ გამოსვლა დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ სკოტ კუსაკთან ვაზარით მოგებით დაიწყო, შემდეგ კი ყაზახ აბილაიხან ჟუბანაზარს ვაზარითვე აჯობა. 24 წლის ქართველმა ძიუდოისტმა 1/4-ფინალში გერმანელი დომინიკ რასელი დააიპონა, ნახევარფინალში კი ტაჯიკ სომონ მახმადბეკოვთან ბოჭვაზე მოყვა და დამარცხდა. ბრინჯაოსთვის შეხვედრაში დიმიტრი ესპანელ ხოსე მარია მენდიოლას დაპირისპირდება.

ამ წონაში სტარტზევე დამარცხდა ზაურ დვალაშვილი, რომელსაც მეტოქედ მასპინძელი აიბოლო ნისანალი ჰყავდა.  

უზბეკეთის დედაქალაქი ძიუდოისტთა გრანდ სლემს 16-18 ივნისს მასპინძლობს. ასტანაში საქართველო 12-კაციანი გუნდით წარსდგა. ტურნირის პირველ დღეს უმედლოდ დაასრულეს გამოსვლა ლაშა ნადირაძემ და გიორგი თუთაშვილმა (ორივე -66).

კომენტარები

ბოლო ამბები