Thumbnail

მეორე მატჩი ევროშესარჩევში და პირველი გამარჯვება!

საქართველოს ნაკრებმა ძალიან რთულ მატჩში, სტუმრად დაამარცხა თემურ ქეცბაიას კვიპროსი და საგზურისთვის ბრძოლას შოტლანდიაში ლიდერთან მატჩით გააგრძელებს. ლარნაკაში გოლები გიორგი მიქაუტაძემ და ზურიკო დავითაშვილმა გაიტანეს. ამ გამარჯვების შემდეგ ეროვნული გუნდი A ჯგუფში 4 ქულით მეორე ადგილზეა და 5 ქულით ჩამორჩება შოტლანდიას, რომელსაც 3 მატჩი აქვს ჩატარებული.

ვილი სანიოლმა, ბევრისთვის მოულოდნელად, სასტარტო შემადგენლობაში გიორგი ჩაკვეტაძე შეიყვანა, ზურიკო დავითაშვილი კი სკამზე დარჩა. მარჯვენა ფლანგზე სანიოლმა ლობჟანიძეს გოჩოლეიშვილი არჩია. ლუკა ლოჩოშვილი, რომელიც წინა სანაკრებო პაუზისას მწვრთნელმა საერთოდ არ გამოიძახა, ახლა პირდაპირ სასტარტოში მოხვდა. სხვა მხრივ კი, ნაკრების ფრანგმა დამრიგებელმა მოსალოდნელი სასტარტო შემადგენლობა დააყენა. 

გიორგი ჩაკვეტაძის გამოჩენა სასტარტოში მოულოდნელი იყო

საქართველოს ნაკრების პირველი სახიფათო შეტევა მე-7 წუთზე იყო, როცა მიქაუტაძემ კარგად მიიღო ბურთი და ოდნავ ააცილა მეტოქის კარს. მე-9 წუთზე, მამარდაშვილის უხეში შეცდომის შემდეგ, გუნდი აშკარა გოლს გადაურჩა, ჯერ თავად მეკარემ მოიგერია კუსულოსის დარტყმული, შემდეგ კარის ხაზიდან ლოჩოშვილმა და კაკაბაძემ ერთობლივი ძალებით გამოიტანეს ბურთი.

მალე მიქაუტაძე-კვარაცხელიას კომბინაციას ამ უკანასკნელის ოდნავ არაზუსტი დარტყმა მოჰყვა. მე-20 წუთზე აზაროვის პასით კვარაცხელია სახიფათო პოზიციაზე გავიდა, მაგრამ ააცილა. 28-ე წუთზე კვარაცხელიას პასით მეკარესთან პირისპირ ჩაკვეტაძე გავიდა, მაგრამ მას ვერ აჯობა. 

31-ე წუთზე კვიპროსელთა მცველის, გოგიჩის შეცდომას გიორგი მიქაუტაძის ჩაჭრა და გოლი მოჰყვა - 0:1. სამწუხაროდ, მასპინძლებმა მალე გაათანაბრეს: 38-ე წუთზე ლოჩოშვილმა საჯარიმოში იუხეშა, ეპიზოდი VAR-ზე გადამოწმდა და პენალტი ძალაში დარჩა. თერთმეტმეტრიანი იოანის პიტასმა შეასრულა, მამარდაშვილი ბურთს შეწვდა, მაგრამ გოლი მაინც გავიდა - 1:1. 

პიტასმა პენალტით გაათანაბრა

50-ე წუთზე კვარაცხელიას შორეული დარტყმა სახიფათო იყო, მაგრამ ოდნავ არაზუსტი. 56-ე წუთზე ანდერსონ კორეიას პასის მერე პიტასის დარტყმული ხარიხამ მოიგერია. უპირატესობა ხელთ ქეცბაიას გუნდმა ჩაიგდო, მამარდაშვილის კარი გოლს კიდევ რამდენჯერმე გადაურჩა. 82-ე წუთზე ხვიჩას პასის შემდეგ მიქაუტაძე მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ მას ვეღარ აჯობა. 

84-ე წუთზე საქართველოს ნაკრები წინ ზურიკო დავითაშვილმა გაიყვანა, რომელიც ათი წუთის შესული იყო მოედანზე. 

ხვიჩა კვარაცხელია ტრადიციულად, აქტიური იყო

შეგახსენებთ, რომ ტურის პირველ მატჩში, რომელიც ოსლოში გაიმართა, ნორვეგიის ნაკრები შინ ლიდერ შოტლანდიასთან დამარცხდა - 1:2. სკანდინავიური გუნდი 87-ე წუთამდე ერლინგ ჰაალანდის გოლით იგებდა, თუმცა შემდეგ ორწუთიან მონაკვეთში ლინდონ დაიკსმა ჯერ გაიტანა, შემდეგ კი კენი მაკლინს გამარჯვების გოლი გაატანინა...

საინტერესო ფაქტები

🟠 გიორგი მიქაუტაძემ ეროვნულ ნაკრებში თავისი მე-4 გოლი გაიტანა. 

🟠 საქართველოს ნაკრებს სტუმრად 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

🟠 თემურ ქეცბაიამ ყოფილ ნაკრებთან წააგო.

კვიპროსი 1:2 საქართველო

გოლები: 0:1 მიქაუტაძე (31), 1:1 პიტასი (40-პენალტი), 1:2 დავითაშვილი (84. ლობჟანიძის პასით)

კვიპროსი (3-5-2): მალი - კარო (63. ანტონიადესი), გოგიჩი, ლაიფისი - ანტონიუ, ხარალამპუსი (77. საციასი)), კუსულოსი, კასტანიოსი, ანდერსონ კორეია - ციონისი (60. ლოიზუ), პიტასი (78. ხრისტოფი)

საქართველო (3-4-1-2): მამარდაშვილი - კაკაბაძე, კაშია, ლოჩოშვილი (87. დვალი) - გოჩოლეიშვილი (74. ლობჟანიძე), კვეკვესკირი (74. გაგნიძე), კიტეიშვილი, აზაროვი - ჩაკვეტაძე (74. დავითაშვილი) - მიქაუტაძე (88. ზივზივაძე), კვარაცხელია. 

კომენტარები

ბოლო ამბები