Thumbnail
  • ყაზახეთის გრანდ სლემის ბოლო დღეს 2 ქართველ ძიუდოისტს ფინალურ ბლოკში ვიხილავთ
  • საქართველოს ნაკრები ტურნირზე 12 ძიუდოისტით წარსდგა და მედალი ჯერ არ მოუპოვებია

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე, მესამე და ბოლო სატურნირო დღეს მედლების მოსაპოვებლად ტატამიზე 6 ქართველი გამოვიდა, რომელთაგანაც ფინალურ ბლოკში ორს ვიხილავთ. გურამ თუშიშვილი და საბა ინანეიშვილი (ორივე +100 კგ) ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ.

90 კგ წონით კატეგორიაში ორი წარმომადგენელი გვყავდა. 21 წლის ბაქარ ერაშვილმა პირველი წრე გამოტოვა, მე-2 წრეში კი ძლიერ მეტოქეს, ბრაზილიელ რაფაელ მაჩედოს დაუპირისპირდა და დამარცხდა. ტურნირს ადრეულ ეტაპზე დაემშვიდობა ვლადიმერ ახალკაცი, რომელმაც პირველივე ბრძოლა ბელგიელ სამი ჩოუჩთან წააგო.

100 კგ-ში დაბრუნება წარუმატებელი გამოდგა ბექა ღვინიაშვილისთვის, რომელიც პირველივე წრეში რუს, ნეიტრალური ათლეტის რანგში მოასპარეზე ნიიაზ ბილალოვს შეხვდა და დამარცხდა. ამავე წონაში კარგად დაიწყო ტურნირი გიორგი ბერიაშვილმა, რომელმაც სამხრეთკორეელ კიმ იუ იანგს მოუგო, მაგრამ შემდეგ იტალიის წარმომადგენელ ჯენარო პირელისთან გაფრთხილებებით დამარცხდა.

შესანიშნავად გამოიყურებოდნენ +100 კგ წონით კატეგორიაში გამომსვლელი ქართველი ძიუდოისტები. საბა ინანეიშვილმა და გურამ თუშიშვილმა ტურნირი კარგად დაიწყეს და 2-2 ბრძოლა მოიგეს. ორივე მათგანი ყაზახეთის გრანდ სლემს მეორე წრიდან ჩაერთო - საბამ ჯერ არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელით მოასპარეზე მაგომედომარ მაგომედომაროვს მოუგო, შემდეგ კი პოლონელ კასპერ შჩუროვსკი​ს სძლია და ნახევარფინალში გავიდა, იქ უკვე ინანეიშვილი ტაჯიკ ტემურ რახიმოვს შეხვდა, დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ყაზახ გალიმჟან კრიკბაის დაუპირისპირდება.

რაც შეეხება თუშიშვილს, გურამმა ჯერ შაკარმამად მირმამადოვს აჯობა, ნახევარფინალში გასასვლელად კი კრიკბაის ​მოუგო, მაგრამ შემდეგ რუს ტამერლან ბაშაევთან დამარცხდა და ბრინჯაოსთვის ბრძოლა მოუწევს, სადაც ასევე რუს ვალერი ენდოვიცკის შეხვდება.

ფინალური ბლოკი 15:00-ზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს, რომელიც ყაზახეთის გრანდ სლემზე 12 ძიუდოისტით წარსდგა, მიმდინარე ტურნირზე ჯერ მედალი არ მოუპოვებია.

კომენტარები

ბოლო ამბები