Thumbnail

ნიდერლანდებმა ისევ წააგო - ერთა ლიგაზე მე-3 ადგილი იტალიამ დაიკავა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ნიდერლანდები 2:3 იტალია
  • იტალიის ნაკრებმა ერთა ლიგაზე მე-3 ადგილი ზედიზედ მეორედ დაიკავა

უეფას ერთა ლიგის 2023 წლის სეზონის მესამე ადგილისთვის მატჩში იტალიის ნაკრებმა მასპინძელი ნიდერლანდები ენსხედეში 3:2 დაამარცხა.

რობერტო მანჩინის გუნდმა ნახევარფინალში ესპანეთთან წაგების მერე ნიდერლანდებთან მოახერხა რეაბილიტირება. "სკუადრა აძურასთვის" თამაშის სტარტი გამოდგა დიდებული: მე-6 წუთზე ფედერიკო დიმარკომ ეფექტური დარტყმით გახსნა ანგარიში, ხოლო 14 წუთში დავიდე ფრატეზიმ სხვაობა ორამდე გაზარდა და ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა. პირველ ნახევარში იტალია უშეცდომოდ თამაშობდა, ამიტომაც, ორბურთიანი უპირატესობა დამსახურებულად ჰქონდა.

ფედერიკო კიეზას უგოლო სერია ნაკრებში დასრულდა

მეორე ნახევარში რონალდ კუმანის გუნდი უკეთ ათამაშდა. მასპინძლებმა სტივენ ბერგვაინის გოლით ჩამორჩენა შეამცირეს და თამაშიც დაიძაბა, მაგრამ 4 წუთში სტუმრებმა ორბურთიანი უპირატესობა დაიბრუნეს. ფედერიკო კიეზამ შეძლო თავის გამოჩენა, რომელმაც იტალიის ნაკრების მაისურით 2021 წლის 5 სექტემბრის შემდეგ გოლი პირველად გაიტანა. "ნარინჯისფრებმა" მაინც გაიბრძოლეს, როდესაც 89-ე წუთზე ჟორჟინიო ვეინალდუმმა ანგარიში 2:3 გახადა, მსაჯმაც თამაშს 10 წუთი დაამატა, მაგრამ არაფერი შეცვლილა.

ამგვარად, იტალიის ნაკრებმა ერთა ლიგაზე ზედიზედ მეორედ დაიკავა მე-3 ადგილი (2021 წელს ბელგიას აჯობა), ხოლო მასპინძელი ნიდერლანდები მხოლოდ მე-4 ადგილს დასჯერდა. ერთა ლიგის ფინალი დღეს, როტერდამში, ესპანეთისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის გაიმართება.

ნიდერლანდები 2:3 იტალია

გოლები: 0:1 დიმარკო (6), 0:2 ფრატეზი (20), 1:2 ბერგვაინი (68), 1:3 კიეზა (72), 2:3 ვეინალდუმი (89)

ნიდერლანდები (4-3-3): ბილოუ - დუმფრისი, გერტრუიდა (ვეინალდუმი 46), ვან დეიკი, აკე - ვიფერი (ვეერმანი 76), დე იონგი, სიმონსი (კუმპნაინერსი 63) - მალენი (ბერგვაინი 46), გაკპო, ლანგი (ვეგჰორსტი 46).

იტალია (4-3-3): დონარუმა - ტოლოი, აჩერბი, ბონჯორნო, დიმარკო (სპინაცოლა 74) - ფრატეზი, კრისტანტე, ვერატი (ბარელა 85) - ნიონტო (ძანიოლო 63), რეტეგი (პელეგრინი 85), რასპადორი (კიეზა 63).

კომენტარები

ბოლო ამბები