Thumbnail

საქართველოს ნაკრები ასეთ თამაშებს, თანაც ივნისში, როცა საკლუბო სეზონი ახალი დასრულებულია და ყველა გადაღლილია, უმეტესად ვერ იგებდა ხოლმე. ასეთ მატჩებში ზედმეტად ბევრი იმედგაცრუება გვახსოვს საიმისოდ, რომ ახლა სასიამოვნოდ გაოცებულები არ ვიყოთ. ნაკრებმა კვიპროსს სტუმრად ურთულეს შეხვედრაში მოუგო, დაგეგმილი 3 ქულა აიღო და შოტლანდიაში ხვალინდელი თამაშის წინ ჯგუფში მეორე ადგილზეა - უსწრებს ესპანეთს და ნორვეგიას. საეიფორიო ჯერ, რა თქმა უნდა, არაფერია. სწორედ ამაზე ისაუბრა მატჩის შემდეგ ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმაც, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ შედეგი ჰო, მაგრამ თამაშით უკმაყოფილოა. სხვამხრივ: ხვიჩა კვარაცხელიას ლარნაკაში გოლი არ გაუტანია, მაგრამ იმდენი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა, რომ ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. შაბათ-კვირის მთავარი ამბები ორშაბათის ტრადიციულ საკითხავში:


ნაკრები | კვარას რეკორდი და სიმბოლური

კვიპროსთან მოგებულ (2:1) მატჩში გოლები მიქაუტაძემ და დავითაშვილმა გაიტანეს, თუმცა მატჩში საუკეთესოდ WhoScored-მა ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა, რომელსაც, მართალია, მშრალი სერია გაუგრძელდა, მაგრამ 10 შესაძლებელიდან 9.01 ქულა მიიღო. მთავარი, რის გამოც კვარამ საუკეთესო შეფასება მიიღო 10 (!) წარმატებული დრიბლინგია - ზუსტად იმდენივე, რამდენიც საქართველოს ნაკრების ყველა ფეხბურთელს ერთად ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ხვიჩას ნაპოლის მატჩებში (სერია A-ში) 6 წარმატებულ დრიბლინგზე მეტი არ ჰქონია, ხოლო ეროვნულ ნაკრებში ბულგარეთთან შინ (0:0) 9 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა. ამასთან, WhoScored-მა ხვიჩა კვარაცხელია ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის III ტურის (რომელიც 16/17 ივნისს გაიმართა) სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

📋 | ნაკრების კვიპროსთან მოგებულ მატჩთან დაკავშირებული ყველა სტატია ნახეთ აქ.

ნაკრები | რა თქვა სანიოლმა მატჩის შემდეგ

ეროვნულმა გუნდმა მატჩი მოიგო, მაგრამ სანიოლი გუნდის თამაშით კმაყოფილი არ იყო, რაც ლოგიკურია. "ჩემს ფეხბურთელებს ბევრი აქვთ სასწავლი", "ამ მატჩის შემდეგ ბევრს ვილაპარაკებთ, ყველაფერს გავაანალიზებთ", "ეს კარგი გაკვეთილი იქნება ჩვენთვის" - ეს სწორედ ფრანგი მწვრთნელის მატჩისშემდგომი პრესკონფერენციიდან ამოღებული წინადადებებია.

📋 | ყველაფერი, რაზეც სანიოლმა მატჩის შემდეგ ისაუბრა, ნახეთ აქ.

ნაკრები | ქეცბაია: ფრე კარგი შედეგი იქნებოდა.

კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია იმაზე წუხდა, რომ კვიპროსელებმა ისედაც მცირე ტევადობის სტადიონი არ გაავსეს და რომ ტრიბუნებზე ქართველი ქომაგები სჭარბობდნენ. ქეცბაიამ ისიც აღნიშნა, რომ მისი გუნდი წაგებას არ იმსახურებდა, თუმცა თავის ფეხბურთელებს ამაზე მეტს ვერც მოსთხოვდა.

📋 | ყველაფერი, რაზეც ქეცბაიამ მატჩის შემდეგ ისაუბრა, ნახეთ აქ.

ფარიკაობა | ბაზაძე ევროპის ჩემპიონია

სანდრო ბაზაძე ევროპის საუკეთესო მოფარიკავე კიდევ ერთხელ გახდა. ქართველმა მოფარიკავემ ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიგო. სანდრო შარშან თურქეთის ქალაქ ანტალიაში დაეუფლა ოქროს მედალს, ხოლო წელს ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მოიგო ოქრო. მან ფინალში უნგრელი ანდრაშ სატმარი დაამარცხა.

რაგბი | მაისაშვილმა 39 მორაგბე შეარჩია

37 "ბორჯღალოსანი" 19 ივნისს ''შევარდენის'' სანაკრებო ბაზაზე შეკრებას დაიწყებს და 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასისთვის მოემზადება. კიდევ ორი მორაგბე – თორნიკე კახოიძე და ლუკა ხორბალაძე ნაკრებს მოგვიანებით, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის დასრულების შემდეგ შეუერთდებიან. სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, წვრთნას კონკრეტულად ის მორაგბეები გაივლიან, რომლებიდანაც საფრანგეთში წამსვლელი 33 შეირჩევა. შეკრებაზე გამოძახებული 39 მოთამაშის გარდა, არის სარეზერვო ჯგუფიც.

📋 | საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შემადგენლობა ნახეთ აქ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები