Thumbnail
  • 📅 20 ივნისი | 🏟 ჰემპდენ პარკი | ⌚ 22:45 | ⚽ შოტლანდია V საქართველო
  • საქართველოს ნაკრებისთვის ეს მატჩი შეიძლება გარდამტეხი იყოს
  • შოტლანდია მაგარ ფორმაშია, მაგრამ სათამაშო ინიციატივის აღება არ უყვარს
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩზე უნდა იცოდეთ

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის A ჯგუფში ეს შოტლანდიისთვის მე-4 თამაშია, საქართველოსთვის კი - მე-3. შოტლანდია 100-პროცენტიანი შედეგით (9 ქულა) პირველ ადგილზეა, საქართველო კი - 4 ქულით მეორეზე. უდიდესი ალბათობით, საქართველოს ნაკრები ამ მატჩის მერეც შეინარჩუნებს მეორე ადგილს, თუმცა ესპანეთთან არ ექნება ნათამაშები, რომელსაც ჯერ მხოლოდ 2 შეხვედრა აქვს ჩატარებული (1 წაგებული) და მომდევნო მატჩს სწორედ თბილისში ითამაშებს, 8 სექტემბერს. არავითარი ეიფორია, ეს მშრალი ფაქტებია. ამ ფაქტებით ილუზიების შექმნა როდი გვინდა - მხოლოდ იმის თქმა გვსურს, რომ შანსი არის და შოტლანდიაში წარმატების მიღწევის შემთხვევაში ეიფორიის უფლებაც გვექნება.

მოკლედ: ეს ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია, რომელიც შეიძლება გარდამტეხი იყოს.

შოტლანდია იდეალურ ფორმაშია და შინ, "ჰემპდენ პარკზე" ბოლო 5 თამაში მოგებული აქვს. საქართველოს ნაკრებმა კვიპროსთან მძიმედ მოიგო. ისეთი თამაში იყო, არცერთი შედეგი არ იქნებოდა ალოგიკური. ვილი სანიოლის გუნდმა ბოლოს მოსაგებად ითამაშა, რაც დაუფასდა კიდეც. ზოგადად, კვიპროსში მოგება ადვილი არავისთვისაა, თანაც, თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით ბოლო დროს გუნდმა მოუმატა. მთავარი 3 ქულა იყო. გავიხსენოთ, რომ ამ მატჩამდე საქართველოს კვიპროსთან პირად შეხვედრებში უარყოფითი ბალანსი ჰქონდა.

მოსალოდნელია, რომ სანიოლი ძირითად შემადგენლობაში ცვლილებებს გააკეთებს. ერთია ის, რომ შოტლანდია კვიპროსი არ არის და გუნდს სხვანაირად თამაში დასჭირდება და მეორე: ინტერვალი მატჩებს შორის მხოლოდ 72 საათია, რაც ძალიან ცოტაა. შეიძლება ზოგიერთი ფეხბურთელი სხვაზე მეტად დაღლილი იყოს. ეს უკვე გუნდის შიდა სამზარეულოს საკითხია. კარგი ისაა, რომ სანიოლის განკარგულებაშია ყველა, ვინც მან შეკრებაზე გამოიძახა.

სავარაუდოდ, საქართველო აქცენტს მეორე ნორმად თამაშზე გააკეთებს და თავის შანსს კონტრშეტევებზე დაელოდება, მით უფრო, გამქცევი მოთამაშეები, რომელთაც თავისუფალი სივრცეების იდეალურად ათვისება შეუძლიათ, ჩვენი გუნდის შეტევაში ნამდვილად არიან (კვარაცხელია, დავითაშვილი, ლობჟანიძე, მიქაუტაძე). მეორე მხრივ, მეტოქეც არ არის ის გუნდი, რომელსაც ბურთით თამაში და დომინანტობა მოსწონს, უფრო პირიქით.

საქართველომ კვიპროსთან ზურიკოს გოლით მოიგო

ძნელად წარმოსადგენია, რომ სანიოლმა სათამაშო ტაქტიკა შეცვალოს. ამიტომ, ისევ 3-მცველიან სქემას უნდა ველოდოთ. ჯერ ერთი, რომ ფრანგი დიდი ხანია უკვე სათამაშოდ ამ გზას ირჩევს და რთულად დასაჯერებელია, შოტლანდიასთან სტუმრად გადაწყვიტოს გეგმის შეცვლა და მეორეც იმიტომ, რომ შოტლანდიაც დაახლოებით იგივე სისტემას იყენებს. სავარაუდოდ, ახლა უფრო დაცვითი იქნება ჩვენი გუნდის შემადგენლობა, ვიდრე ლარნაკაში იყო. ალბათ, მარჯვენა ფლანგზე ოთარ კაკაბაძე აიწევს, ხოლო დაცვის ცენტრს საბა კვერკველია გაამაგრებს, რომელსაც უფრო კარგად შეუძლია ფიზიკური ორთაბრძოლების მოგება და მაღალ ბურთებზე თამაში, რაც შოტლანდიასთან ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.

ვინ რა თქვა მატჩის წინ

ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე შოტლანდია ანგარიშგასაწევი ძალა რომ იქნებოდა, თავიდანვე ნათელი იყო, მაგრამ მაინც ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ სქოთებს 3 მატჩის შემდეგ ასეთი უპირატესობა ექნებოდათ.

სტივ კლარკის გუნდმა შესარჩევი ეტაპი ბრწყინვალედ დაიწყო და 3 ტურში 9 ქულა მოიპოვა, კვიპროსის, ესპანეთისა და ნორვეგიის დამარცხებით. შოტლანდიელებმა 3 დღის წინ ოსლოში ორ წუთში მოიგეს თამაში, რომელშიც მანამდე პრაქტიკულად შანსი არ ჰქონიათ. ცხადია, შოტლანდიას ნორვეგიასთან იდეალური შთაბეჭდილება არ დაუტოვებია, მაგრამ კარგად გამოიყენა მეტოქის უყურადღებო თამაში - მინიმუმიდან მაქსიმუმი მიიღო. ეს კი, ცალსახად მიანიშნებს გუნდის ძლიერ ხასიათზე.

შოტლანდიამ ოსლოში უიმედო თამაში მოიგო

კლარკის გუნდი ჯგუფში ქულებით ლიდერია, მაგრამ კარისკენ (კარში) დარტყმების საშუალო რაოდენობით ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს: საშუალოდ 8.3. შედარებისთვის საქართველო ამ მხრივ ლიდერია - 17 დარტყმა კარისკენ საშუალოდ, რითაც მეორე შედეგის მქონე ნორვეგიას დამაჯერებლად უსწრებს (10.7). ჩვენი მომდევნო მეტოქე ბურთის ფლობითაც ვერ გამოირჩევა, მხოლოდ კვიპროსზე უკეთესი შედეგი აქვს (44.5%), მაგრამ იქვეა საქართველოც, რომელიც წინა ორ შეხვედრაში ბურთს საშუალოდ 46%-ით ფლობდა. მოკლედ, შოტლანდიის ნაკრების სათამაშო მანერა არ არის დაფუძნებული უპირატესობასა და პირველ ნომრობაზე. პირიქით, ისინი ხშირად მეტოქის შეცდომას ელოდებიან და სხვა საქმეა, რომ ამ შეცდომებს ძალიან კარგად იყენებენ. ამგვარად, სანიოლის გუნდმა შეცდომათა რაოდენობა მაქსიმალურად უნდა შეამციროს და რაც მთავარია, კონცენტრაცია არ დაკარგოს. ნორვეგიას კონცენტრაციის 2-წუთიანი დაკარგვა მოგებული თამაშის წაგებად დაუჯდა.

საქართველო V შოტლანდია

საქართველოს და შოტლანდიის ნაკრები გუნდები აქამდე ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ოთხივე მატჩი ოფიციალური იყო - ევრო 2008-ის და ევრო 2016-ის შესარჩევ ეტაპებზე. 2007 წლის 24 მარტს, გლაზგოში (ჰემპდენ პარკზე) შოტლანდიამ 2:1 მოიგო. კრის ბოიდმა მე-11 წუთზე გახსნა ანგარიში, 41-ე წუთზე შოთა არველაძემ გაათანაბრა, ხოლო 89-ე წუთზე კრეიგ ბიტის გოლი გადამწყვეტი გამოდგა. იმავე წლის 17 ოქტომბერს, საქართველომ თბილისში ლევან მჭედლიძისა და დავით სირაძის გოლებით მოიგო. სქოთებისთვის ეს წაგება ძალიან მტკივნეული იყო, რადგან ევროპის ჩემპიონატის საგზური პრაქტიკულად მაშინ დაკარგეს.

საქართველო აღნიშნავს "ჰემპდენ პარკზე" აქამდე გატანილ ერთადერთ გოლს

მესამე დაპირისპირება ისევ გლაზგოში შედგა, ოღონდ ამჯერად "აიბროქსზე". 2014 წლის 11 ოქტომბერს, შოტლანდიელებმა 1:0 მოიგეს. 28-ე წუთზე ავტოგოლი აკაკი ხუბუტიამ გაიტანა, რამაც მატჩის ბედი გადაწყვიტა. ამ შეხვედრაში ითამაშეს გიორგი ლორიამ და საბა კვერკველიამ, რომლებიც ახლაც გუნდში არიან. შოტლანდიელთაგან მოედანზე იყო ენდი რობერტსონი. 2015 წლის 4 სექტემბერს, საქართველოს ნაკრებმა თბილისში ვაკო ყაზაიშვილის გოლით 1:0 მოიგო. რობერტსონმა ამ შემთხვევაშიც ითამაშა, ქართველების რიგებში კი მინდორზე იყვნენ გურამ კაშია და კვერკველია.

უმნიშვნელოვანესი თამაში

სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკრებს, მიუხედავად იმისა, რომ მე-2 ადგილზეა, წაგება რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს, უფრო იმიტომ, რომ შოტლანდია მორიგი 3 ქულით ევროპის ჩემპიონატისკენ უდიდეს ნაბიჯს გადადგამს. მეორე მხრივ, თუ სანიოლის გუნდი მოიგებს, ლიდერთან ჩამორჩენას 2 ქულამდე შეამცირეს და უფრო მეტიც, თამაშით ნაკლები ექნება ჩატარებული, შესაბამისად, პოტენციური ლიდერი იქნება! მოკლედ, მატჩის მნიშვნელობა დიდია, შეიძლება ითქვას, სწორედ გლაზგოური შეხვედრაა გზაგამყოფი და გარდამტეხი. ამ მატჩის შედეგს ბევრი კონტურის გამოკვეთა შეუძლია.

საინტერესო ფაქტები

🟠 საქართველო შოტლანდიას აქამდე 4-ჯერ შეხვდა და ბალანსი თანაბარია: 2 მოგება, 2 წაგება (4:3 ბურთების შეფარდება საქართველოს სასარგებლოდ).

🟠 საქართველოს ნაკრებმა 273 მატჩი ითამაშა: 87 გამარჯვება, 58 ფრე, 128 მარცხი. ბურთების შეფარდება: 321:380

🟠 საქართველოს ნაკრებს კონკრეტულად ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლო 12 მატჩიდან 4 მოგება აქვს (3 ფრე, 5 წაგება).

🟠 საქართველოს ოფიციალურ მატჩებში 10-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (8 მოგება, 2 ფრე), 2021 წლის ოქტომბრის შემდეგ. ზოგადად, ამ პერიოდში ვილი სანიოლის გუნდმა 15 თამაში ჩაატარა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა, ამხანაგურ მატჩში მაროკოსთან (11 მოგება, 3 ფრე).

🟠 ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოს ნაკრებში 21 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი, რითაც გუნდის ყველა დროის ბომბარდირთა ათეულშია. თუ კვარა გოლს გაიტანს, ჯაბა კანკავას გადაასწრებს და მე-8 ადგილზე ერთპიროვნულად გადავა.

🟠 საქართველოს ნაკრებს სტუმრად 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (6 მოგება, 1 ფრე). ბოლო გასვლითი მარცხი იყო 2021 წლის 8 სექტემბერს, ტესტ-მატჩში ბულგარეთთან (მაროკოსთან შეხვედრა ნეიტრალურ მოედანზე გაიმართა).

🟠 შოტლანდიის ნაკრებს ბოლო 3 მატჩი მოგებული აქვს, უკანასკნელ 10 შეხვედრიდან კი 7-ჯერ გაიმარჯვა (1 ფრე, 2 წაგება). სქოთებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 4 წელია თამაში არ წაუგიათ (6 მოგება, 2 ფრე).

🟠 შოტლანდიის ნაკრებს შინ ბოლო 5 მატჩი მოგებული აქვს და მხოლოდ 1 გოლი გაუშვა. სქოთებმა ბოლოს საკუთარ მოედანზე გასული წლის 1 ივნისს, უკრაინასთან წააგეს.

🟠 საქართველოს ნაკრების ბოლო 5 მატჩში 4-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა, ასევე 4-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

🟠 შოტლანდიის ნაკრების ბოლო 5 მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა, 2-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

🟠 ამ გუნდების 4 დაპირისპირებაში 3-ჯერ 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა, ორივე გუნდმა კი მხოლოდ ერთხელ გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები

შოტლანდია (3-4-3): განი - ტირნი, ჰიკი, ჰენდრი - მაკლინი, მაკგრეგორი, მაკტომინეი, რობერტსონი - მაკგინი, კრისტი, დიკსი.
დისკვალიფიკაცია: პორტეუსი.

საქართველო (3-4-2-1): მამარდაშვილი - კვერკველია, კაშია, ლოჩოშვილი (ან დვალი) - კაკაბაძე, კვეკვესკირი (ან გაგნიძე), კიტეიშვილი, აზაროვი - დავითაშვილი, კვარაცხელია - მიქაუტაძე.

კომენტარები

ბოლო ამბები