Thumbnail

'ჩაკვეტაძისთვის ღირს ბრძოლა' - სლოვანის მწვრთნელის პოზიცია

  • სად ითამაშებს მომავალ სეზონში გიორგი ჩაკვეტაძე ჯერ კიდევ უცნობია
  • გენტის 23 წლის ფეხბურთელის შენარჩუნება ბრატისლავის სლოვანს სურს
  • სლოვანის მთავარი მწრთნელის ასისტენტმა გიორგის შესახებ ისაუბრა  

სად ითამაშებს მომავალ სეზონში გიორგი ჩაკვეტაძე, ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუმცა არსებობს შანსი, რომ 23 წლის ნახევარმცველმა, რომელზეც სატრანსფერო უფლებებს ბელგიური გენტი ფლობს, კარიერა ისევ ბრატისლავის სლოვანში გააგრძელოს, სადაც 2022/23 წლების სეზონი იჯარით გაატარა. 

ამჟამად გიორგი საქართველოს ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული და შოტლანდიასთან სტუმრად გლაზგოში გასამართი მატჩისთვის ემზადება. ამავდროულად, სლოვანის მთავარი მწვრთნელის თანაშემწე ბორის კიტკამ სლოვაკურ მედიასთან გუნდისთვის ქართველი შემტევი ნახევარმცველის მნიშვნელობასა და მის მომავალზე ისაუბრა.

ჩაკვეტაძე და კაშია სლოვაკეთის ჩემპიონობას ზეიმობენ

"ჩაკვეტაძე ის ფეხბურთელია, რომლისთვისაც ღირს ბრძოლა. გენტთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. რეალისტები უნდა ვიყოთ. ტრანსფერი ძვირია და გვყავს კონკურენტები, რომლებსაც შეუძლიათ თავს დიდი თანხის გადახდის უფლება მისცენ. 

ჩაკვეს სლოვანში დარჩენა სურს და ამას ღიად აფიქსირებს. სავარაუდოდ, გენტი ისევ იჯარაზე იფიქრებს, რაც ჩვენთვის შესაძლოა შანსი იყო. გიორგიმ ჩვენზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ვლად ვაისთან ერთად, მან ჩვენს თამაშს კრეატივი შესძინა. 

ლიგაში მისი უნარების მქონე მოთამაშე არ მოგვეპოვება. რა თქმა უნდა, არსებობს სტატისტიკა, თუმცა ეს ჩემი პირადი აზრია. გასულ სეზონში მან უფრო მეტი მატჩი ჩაატარა, ვიდრე ბოლო სამ სეზონში ერთად აღებული, ორი სერიოზული ტრავმის შემდეგ. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შესაძლებელია, რათა მომავალ წელს ის ისევ ჩვენთან იყოს", - განაცხადა კიტკამ. 

გიორგის კარიერის გაგრძელება ისევ ბრატისლავაში სურს

გიორგი ჩაკვეტაძემ გასული სეზონი იჯარით ბრატისლავის სლოვანში გაატარა, სადაც გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავასთან ერთად გამოდიოდა და ქვეყნის ჩემპიონი გახდა. ქართველმა ნახევარმცველმა სლოვაკური გუნდის ღირსება, რომელსაც საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი ვლადიმირ ვაისი წვრთნის, ყველა ტურნირის 47 შეხვედრაში დაიცვა, გაიტანა 1 გოლი და მიითვალა 9 საგოლე პასი. 

კომენტარები

ბოლო ამბები