Thumbnail

'ბაზაძის წინააღმდეგ ამას ვერ გააკეთებ' - უნგრელი მოფარიკავე ფინალზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

უნგრელი მოფარიკავე ანდრაშ სატმარი ევროპის ჩემპიონატის ფინალში სანდრო ბაზაძესთან მარცხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გადამწყვეტი ორთაბრძოლა გადაღლილობის გამო წააგო, ქართველი მეტოქე კი მსოფლიოს საუკეთესო მოფარიკავეთა შორის დაასახელა.

"ფინალში ჩემი შესაძლებლობები ვერ ვაჩვენე. ჩემი მწვრთნელი გაბორ გარდოში მაფრთხილებდა, რომ გამარჯვებული ის გამოვიდოდა, ვინც მეტად მოინდომებდა. ვერ ვიტყვი, რომ მონდომება მაკლდა, თუმცა, დაღლილი ვიყავი და ვფიქრობ, ეს გამოჩნდა კიდეც. შესაძლოა, ფინალამდე იყო ორთაბრძოლები, სადაც ათი-ოცი წამი დასვენების საშუალება მქონდა ხოლმე, ბაზაძის წინააღმდეგ კი ამას ვერ გააკეთებ. მსოფლიოში სულ რამდენიმე მოფარიკავეა, რომლებიც წამით მოდუნების საშუალებასაც კი არ გაძლევენ. ბაზაძის გარდა, სამხრეთკორეელ სანგუკ ოჰსა და ჩვენი ნაკრების წევრ არონ სილაგის დავასახელებდი".

ქართველმა მოფარიკავემ ევროპის ჩემპიონატის ფინალში 15:11 მოიგო

შეგახსენებთ, რომ 29 წლის ბაზაძე ევროპის ჩემპიონი კარიერაში მეორედ გახდა. სანდრო შარშან თურქეთის ქალაქ ანტალიაში დაეუფლა ოქროს მედალს, ხოლო წელს პირველობა ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში იზეიმა. ქართველმა მოფარიკავემ ფინალში აღნიშნულ სატმარის 15:11 სძლია.

ამგვარად, კიდევ უფრო გაგრძელდა ბაზაძის უნიკალური სერია: ზედიზედ 12 ტურნირია (მსოფლიოს ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, გრან პრი ან მსოფლიოს თასი), ქართველი მოფარიკავე კვარცხლბეკს მიღმა არ დარჩენილა. მის ანგარიშზე 5 ოქროს, 4 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალია.

კომენტარები

ბოლო ამბები