- ყოფილი ოძეკის, ტოჩინოშინის ინტერვიუ Nikkan Sports-თან
- თმის შეჭრის ცერემონიალის თარიღი ცნობილია
- 'თქვენი გვერდში დგომა ყოველთვის ძალას მაძლევდა' - ტოჩინოშინი ფანებს დაემშვიდობა
Nikkan Sports-თან ინტერვიუში ყოფილმა ოძეკი ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) სუმოდან წასვლის შემდგომ პერიოდზე ისაუბრა და დანპაცუ-შიკის (თმის შეჭრის ცერემონიალი სუმოდან წასული რიკიშისთვის) თარიღიც დაასახელა.

დამპაცუ-შიკი: "ასე გადაწყდა - მომავალი წლის 4 თებერვალს "კოკუგიკანში" გაიმართება ჩემი თმის შეჭრის ცერემონიალი. რადგან უკვე გადამდგარი სუმოტორი ვარ, ცერემონიალზე დახმარებისთვის სეკიტორებს თხოვნით მივმართავ. მოკლედ საკმაოდ დაკავებული ვიქნები".
როგორ ცხოვრობს სუმოდან წასვლის შემდეგ: "როცა დრო მაქვს, კასუგანოს კლუბშიც ვარ ხოლმე და ვარჯიშებშიც ვმონაწილეობ. ისე, კვირაში 5 დღე ვვარჯიშობ. საიტამაში სუმოს კემპზეც ვიმყოფებოდი. ნაგოიაშიც მივდივარ და ბაშოს დავესწრები. მიუხედავად იმისა, რომ უკვე წავედი სპორტიდან, ჯერ ცხოვრების სტილი არ შემიცვლია და ისევ სუმოს სამყაროში ვარ".
მომავალ გეგმებზე: "ბიზნესში მივდივარ, დავაარსეთ ფირმა "სამეფო საქართველო", რომელიც იაპონიაში ქართული ღვინოს, თაფლის და სხვა პროდუქტების ექსპორტი უნდა დავიწყოთ. საქართველოში ბევრი სასარგებლო და ჯანსაღი პროდუქტია, რომელსაც იაპონიაში რეკლამა ესაჭიროება. ფირმის პრეზიდენტი ჩემი მეგობარია, მე კი უბრალო თანამშრომელი ვარ".
სად იცხოვრებს: "ძირითადად იაპონიაში ვიცხოვრებ. სამშობლოში წელიწადში ერთხელ ჩავალ ხოლმე".
წონის დაკლებაზე: "სანამ ცერემონიალი გაიმართება, დიდი ტანი უნდა შევინარჩუნო, თუმცა ნაცუ ბაშოს მერე უკვე 30 კილოგრამი დავიკელი".
ყოფილი ოძეკის რჩევა მომავალი ოძეკებისთვის: "ბაშოზე ძალიან მნიშვნელოვანია კარგი სტარტი, 2-3 მოგება და ყველაფერი, თითქოს, თავისით მიდის. ყველაზე მნიშვნელოვანი კი საკუთარ თავთან "ბრძოლაა", უნდა გაიმარჯვო ამ ბრძოლაში".
შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი სუმოს კლუბ კასუგანო ბეიას რიკიში იყო, მისი დებიუტი კი 2006 წლის მარტის ბაშოზე შედგა. ქართველი სუმოისტი ჯამში 102 ბაშოზე (აქ ტრავმის გამო გამოტოვებული სამიც ითვლება) გამოვიდა, აქედან 80-ჯერ ელიტარულ - მაკუუჩი დივიზიონში. ბოლოს, ის რანგით მე-2 დივიზიონ ძურიოში აღმოსავლეთის მე-5 ნომერი იყო.
ტოჩინოშინმა ერთხელ მოიგო უმაღლესი ჯილდო - იმპერატორის თასი. ეს 5 წლის წინ მოხდა. 7 ბაშოს განმავლობაში ის ოძეკის (ჩემპიონი) რანგში ჭიდაობდა, იმპერატორის თასთან კი კიდევ ოთხჯერ იყო ახლოს (ვიცე-ჩემპიონი).
ლევანმა კარიერაში 3-ჯერ მოიგო გინო-შო (ტექნიკური რიკიშის პრიზი), 2-ჯერ - შუკუნ-შო (ბრწყინვალე ასპარეზობის პრიზი), 6-ჯერ - კანტო-შო (მებრძოლი სულის პრიზი), 2-ჯერ კი კინბოშიც (ოქროს ვარსკვლავი იოკოძუნას დამარცხებისთვის) ერგო. ტოჩინოშინის ანგარიშზე 681 გამარჯვება და 615 მარცხია.
კომენტარები