- ტოკიოს ოლიმპიადის ფინალი, შესაძლოა, ბუდაპეშტის სარეიტინგო ტურნირზე განმეორდეს
- ქართველი და ამერიკელი მოჭიდავეები შეჯიბრის წინასწარ განაცხადში იმყოფებიან
გენო პეტრიაშვილისა და გეიბლ სტივესონის ორთაბრძოლა ქართველ ქომაგს, ალბათ, კიდევ დიდი ხანი არ დაავიწყდება. ქართველმა მოჭიდავემ ამერიკელთან ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში წააგო, თანაც ისე, რომ გადამწყვეტი გდება ბოლო წამზე გაუშვა.
აღნიშნული ორთაბრძოლა 2021 წლის 6 აგვისტოში შედგა და მას მერე სტივესონი საერთაშორისო არენაზე არ გამოსულა. ახლა, ამერიკელმა ხალიჩაზე დაბრუნება გადაწყვიტა და დიდი შანსია, მისი და პეტრიაშვილის გზები კიდევ ერთხელ გადაიკვეთოს.
ორივე ფალავანმა გააკეთა განაცხადი 13-16 ივლისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დაგეგმილ სარეიტონგო ტურნირზე, სადაც უძლიერეს შემადგენლობას ელიან. მაგალითად, იმავე 125 კგ-მდე წონით კატეგორიაში 2016 წლის ოლიმპიადის გამარჯვებულს, მსოფლიოს 3-გზისა და ევროპის 10-გზის ჩემპიონს, თურქ ტაჰა აკგულსაც.

თუკი ისევ პეტრიაშვილისა და სტივესონის ცნობილ პაექრობას დავუბრუნდებით, შეგახსენებთ, რომ პირველ პერიოდში უპირატესობას ამერიკელი ფალავანი ფლობდა და 4:0 მოიგო. მეორე პერიოდში ინიციატივას გენო დაეუფლა, რომელმაც 8 ქულა მიითვალა, ერთი გაუშვა და 8:5 დაწინაურდა. ამ უპირატესობას ის ბრძოლის ბოლომდე ინარჩუნებდა, შემდეგ კი, სტივესონმა 2 ქულა მოიპოვა, რითაც შეხვედრა ძალიან დაიძაბა.
საბოლოოდ, ქართველ მოჭიდავეს ოქროს მედლამდე ერთადერთი წამი დააკლდა! სწორედ ბოლო წამზე, მეტოქისგან ორქულიანი მიიღო და დამარცხდა. მსაჯების გადაწყვეტილება ქართველებმა გააპროტესტეს, თუმცა ჩელენჯი წააგეს და მეტოქეს კიდევ 1 ქულა დაემატა. შედეგად, პეტრიაშვილი 8:10 დამარცხდა.
სათქმელია ისიც, რომ წინასწარი განაცხადის თანახმად, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ბუდაპეშტის ტურნირზე წარმომადგენლები ყველა წონით კატეგორიაში ეყოლება:
ბექა ბუჯიაშვილი, რობერტ დინგაშვილი (ორივე - 57 კგ.), შოთა ფარტენაძე (61 კგ.), ედემი ბოლქვაძე (65 კგ.), გიორგი ელბაქიძე (70 კგ.), ოთარ ბაგაური (74 კგ.), ავთანდილ კენჭაძე, ვლადიმერ გამყრელიძე (ორივე - 79 კგ.), ტარიელ გაფრინდაშვილი (86 კგ.), მირიან მაისურაძე (92 კგ.), გივი მაჭარაშვილი (97 კგ.), გენო პეტრიაშვილი (125 კგ.).
კომენტარები