Thumbnail
  • ქართველმა ლეგიონერებმა TOP 14-ში მორიგი წარმატებული სეზონი ჩაატარეს
  • დავით ნინიაშვილს ფრანგულ სარაგბო ელიტაში საუკეთესო შედეგი ჰქონდა

საფრანგეთში მორიგი სარაგბო სეზონი დასრულდა. ტულუზამ ლა როშელს მძიმე ბრძოლაში აჯობა (29:26) და TOP 14-ის ჩემპიონის ტიტული 22-ედ მოიპოვა. სამწუხაროდ, წელს ის გუნდი გაჩემპიონდა, რომლის რიგებშიც არცერთი ქართველი მორაგბე არ ირიცხებოდა. ლა როშელის ღირსებას ალექსანდრე ქუნთელია იცავდა და შესაბამისად, ის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

გთავაზობთ ქართველი ლეგიონერების სეზონის შეჯამებას, მათი მატჩების სტატისტიკას, ლელოებსა და სხვა საინტერესო ფაქტებს. 2022-2023 წლების სეზონში TOP 14-ში 24 ქართველი მორაგბე ვიხილეთ.

დავით ნინიაშვილი (ლიონი) - 12 მატჩი, 7 ლელო

დავით ნინიაშვილს ყველაზე კარგი სეზონი ჰქონდა. ქართველმა მორაგბემ ჩელენჯ ქაფის მატჩში ტრავმა მიიღო, თორემ უკეთეს შედეგსაც დააფიქსირებდა. ნინიაშვილმა TOP 14-ში 12 მატჩი ჩაატარა და 7 ლელო დადო. მან სტად ფრანსესთანა და რასინგთან 2-2 ლელო მიითვალა, თითო ლელო კი ტულუზასთან, პოსთან და ლა როშელთან გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ლიონის ქართველმა მოთამაშემ TOP 14-ის ფინალისტებთან გამოიჩინა თავი.

ბექა საღინაძე (ლიონი) - 18 მატჩი, 4 ლელო

ბექა საღინაძემ ლიონის მაისური TOP 14-ში 18-ჯერ მოირგო. მან სეზონი 4 ლელოთი დაასრულა. ბექამ ლელოები ბრივს, ბორდოს, პერპინიანსა და სტად ფრანსეს დაუდო. სამწუხაროდ, ნინიაშვილისა და საღინაძის ლიონი მეოთხედფინალიდან გავარდა. მათ ბორდოსთან 25:32 წააგეს.

ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი) - 8 მატჩი

ალექსანდრე ქუნთელიამ ლა როშელთან ერთად ვერცხლის მედალი მოიპოვა. ახალგაზრდა ქართველ მორაგბეს დიდი დრო არ დაუთმეს, თუმცა ასეთი დონის გუნდში 8 მატჩის ჩატარება ნამდვილად არაა ურიგო შედეგი. ქუნთელია ჯერ მხოლოდ 21 წლისაა. 

ლუკა ჯაფარიძე (ბრივი) - 2 მატჩი

ლუკა ჯაფარიძის ბრივი TOP 14-დან გავარდა. ქართველ მორაგბეს ტრავმა აწუხებდა და ამ სეზონში მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა, თუმცა ყველამ კარგად იცის ლუკას შესაძლებლობები, რის გამოც ჯაფარიძე მომავალ სეზონს ისევ TOP 14-ში დაიწყებს. ლუკა მონპელიეში ითამაშებს. მან კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ვანო კარკაძე (ბრივი) - 12 მატჩი, 1 ლელო

ბრივის რიგებში ვანო კარკაძემ 12-დან 3 მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. ქართველმა მორაგბემ სეზონი ერთი ლელოთი დაასრულა. ბრივმა ტულონი მოულოდნელად დაამარცხა და კარკაძემ გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

ვასილ ლობჟანიძე (ბრივი) - 13 მატჩი, 2 ლელო

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ვასილ ლობჟანიძემ ბრივის მაისური 13-ჯერ მოირგო და 2 ლელო დადო. ლობჟანიძემ თავი ბაიონასთანა და რასინგთან გამოიჩინა. ბრივმა ბაიონას მოუგო, ხოლო რასინგთან დამარცხდა. მიუხედავად წაგებისა, ლობჟანიძეს საოცარი შეხვედრა ჰქონდა. მაგარი ლელოს გარდა, მან სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო პასი გააკეთა.

ლევან ჩილაჩავა (კასტრი) - 16 მატჩი, 1 ლელო

ლევან ჩილაჩავას კასტრი პლეი ოფში ვერ გავიდა. ქართველი მორაგბის გუნდმა მე-9 ადგილი დაიკავა და საპლეიოფე ზონას 6 ქულით ჩამორჩა. ლევანმა ლა როშელთან შეძლო ლელოთი თავის გამოჩენა.

გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე) - 23 მატჩი, 3 ლელო

სტად ფრანსეს ქართველმა მორაგბემ, გიორგი მელიქიძემ სეზონი 3 ლელოთი დაასრულა: ბორდოსთან ერთი ლელო დადო, ხოლო პერპინიანთან დუბლი შეასრულა. სტად ფრანსემ სეზონი მეოთხე ადგილზე დაასრულა და მეოთხედფინალში რასინგთან 20:33 წააგო.

გურამ პაპიძე (პო) - 22 მატჩი, 1 ლელო

გურამ პაპიძემ პოს დიდი დახმარება გაუწია. მან 26-დან 22 შეხვედრა ითამაშა და მნიშვნელოვან მატჩში ლელოც გაიტანა. პაპიძემ გუნდს ბაიონასთან მოაგებინა და პოს უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნებაში დაეხმარა.

ბექა გორგაძე (პო) - 19 მატჩი, 5 ლელო

ბექა გორგაძე გასულ სეზონში პოს კაპიტანი იყო. მან და გურამ პაპიძემ გუნდი TOP 14-ში დატოვეს და დიდი წვლილი შეიტანეს პოს გადარჩენაში. გორგაძემ სეზონი 5 ლელოთი დაასრულა. ბექამ რასინგთან დუბლი შეასრულა, ხოლო თითო ლელო კასტრს, ლიონსა და კლერმონს დაუდო.

გია ხარაიშვილი (რასინგი) - 13 მატჩი, 1 ლელო

ხარაიშვილის რასინგი ნახევარფინალში ტულუზასთან დამარცხდა. გიამ TOP 14-ში 13 მატჩი ჩაატარა. მან ლელო ლიონს დაუდო.

გურამ გოგიჩაშვილი (რასინგი) - 18 მატჩი, 1 ლელო

გოგიჩაშვილმა რასინგის მაისური 18-ჯერ მოირგო. გურამმა ლელო კასტრის წინააღმდეგ გამართულ მატჩში დადო, რომელიც ფრედ დასრულდა. მან პლეი ოფის ორივე თამაშში მიიღო მონაწილეობა.

ბექა გიგაშვილი (ტულონი) - 21 მატჩი, 5 ლელო

ბექა გიგაშვილის ტულონს პლეი ოფში მოსახვედრად მხოლოდ 2 ქულა დააკლდა. ქართველი მორაგბის გუნდმა 26-დან 14 მატჩი მოიგო და 12-ჯერ დამარცხდა. გიგაშვილმა ლელოები კლერმონს, პოს, სტად ფრანსეს, რასინგსა და ბორდოს დაუდო.

ქართველმა მორაგბეებმა სეზონი 31 ლელოთი დაასრულეს. საუკეთესო დავით ნინიაშვილი გახდა, რომელმაც 7 ლელო გაიტანა. ბექა გორგაძესა და ბექა გიგაშვილს 5-5 ლელო ჰქონდათ, ხოლო ბექა საღინაძემ 4 ლელოთი გამოიჩინა თავი. 

სხვა მორაგბეების სტატისტიკა

დავით ქუბრიაშვილი (კლერმონი) - 14 მატჩი, ორჯერ მოხვდა სასტარტოში, კარიერა დაასრულა

გიორგი ძმანაშვილი (კლერმონი) - 6 მატჩი, ერთხელ მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში

გელა აფრასიძე (მონპელიე) - 11 მატჩი, 2-ჯერ მოხვდა სასტარტოში

სერგი აბრამიშვილი (სტად ფრანსე) - 3 მატჩი, TOP 14-ში სადებიუტო სეზონი ჩაატარა

ვასილ კაკოვინი (სტად ფრანსე) - 8 მატჩი, ერთხელ მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში

გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე) - ამ სეზონში TOP 14-ში არ უთამაშია. მან პარიზული გუნდის მაისურით ლელო ჩელენჯ ქაფზე იტალიურ ბენეტონს დაუდო

გიორგი თეთრაშვილი (პერპინიანი) - 18 მატჩი, გუნდი TOP 14-ში დატოვა

ვახტანგ ჯინჭარაძე (პერპინიანი) - კლუბის მაისური მხოლოდ ჩელენჯ ქაფზე მოირგო

კოტე მიქაუტაძე (ბაიონა) - 17 მატჩი, ბაიონამ სეზონი მე-8 ადგილზე დაასრულა

ლექსო ყაულაშვილი (ბორდო) - 22 მატჩი, ბორდომ ნახევარფინალი ლა როშელთან დათმო

კომენტარები

ბოლო ამბები