Thumbnail

როგორც მოსალოდნელი იყო, სან ანტონიო სპურსმა NBA-ს 2023 წლის დრაფტზე 19 წლის ვიქტორ ვემბანიამა აირჩია. თუ ფრანგი კალათბურთელის ათლეტურობასა და საკალათბურთო მონაცემებს გავითვალისწინებთ, მაშინ გასაკვირი არაა, რომ ტექსასური გუნდი შემადგენლობისა და სათამაშო სტრატეგიის მხრივ მთლიანად მასზე აეწყობა.

აღსანიშნავია ისიც, რომ სპურსს დრაფტზე კიდევ ერთი პიკის უფლებაც ჰქონდა და მეორე რაუნდში 44-ე ნომრად იგნაითის მოთამაშე სიდი სისოკო აირჩია, რომელიც ვემბის თანამემამულეა. 19 წლის კალათბურთელს მსროლელის და მსუბუქი ფორვარდის პოზიციაზე შეუძლია თამაში. G ლიგაში ის სკუტ ჰენდერსონის გუნდელი იყო, რომელიც დრაფტზე მე-3 ნომრად პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსმა აირჩია. სისოკო გასულ სეზონში 12.8 ქულას, 3.5 მოხსნასა,1.2 ჩაჭრასა და 1 დაფარებას აგროვებდა, თამაშიდან კი 46%-იანი სიზუსტით ისროდა (30% სამქულიანები).

ვემბი სპურსმა პირველ ნომრად აირჩია

ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად გვაინტერესებს დაიტოვებს თუ არა პოპოვიჩის გუნდი სანდრო მამუკელაშვილს და რა როლი ექნება მას ამ შემთხვევაში გუნდში. ამერიკული გამოცემა Air Alamo ერთ-ერთ სტატიაში სან ანტონიოს ყოფილი კალათბურთელის ჯეიკობ პოელტლის დაბრუნებაზე წერს, რომელიც ახლა ტორონტო რეპტორსში თამაშობს. ავტორის  აზრით, ავსტრიელის სპურსში გადასვლა გუნდზე დადებითად იმოქმედებს. ტექსასელებს როსტერში ცოტა ადგილი ექნებათ დარჩენილი, შესაბამისად, მათ რამდენიმე კალათბურთელის გაშვება მოუწევთ.

"სავარაუდოდ, მაღლებით დაიწყებენ და კემ ბირჩს გაუშვებენ, კეიტა ბეიტს-დიოპსა და გორგი დიენგს კი კონტრაქტს აღარ გაუფორმებენ, მაგრამ შესაძლოა, სანდრო მამუკელაშვილი დააბრუნონ", - წერს გამოცემა.

Air Alamo ზაკ კოლინსის გაცვლასაც განიხილავს და აღნიშნავს, რომ სპურსს არ უღირს მისთვის სათამაშო წუთების გაზრდა და მისით დაინტერესებული გუნდები ლიგაში მარტივად მოიძებნება. საბოლოო ჯამში, გამოცემის მძიმე ფორვარდებისა და ცენტრების სია ასე გამოიყურება - ვიქტორ ვემბანიამა, ჯეიკობ პოელტლი, ჯერემი სოჩანი, ჩარლზ ბასეი და სანდრო მამუკელაშვილი.

"ისე გამოიყურება თითქოს მძიმე ფორვარდისა და ცენტრის პოზიციაზე დიდი სიღრმე არ არის, მაგრამ ვემბანიამა 4 ნომერზეც ითამაშებს და გარკვეულ წუთებს 5 ნომერზეც მიიღებს. პოელტლს მთლიანი მატჩის ჩატარება შეუძლია, სოჩანი კი ორივე პოზიციაზე იქნება, რაც შეეხება ბასეის და მამუკელაშვილს, ისინი მძიმე ფორვარდისა და ცენტრის პოზიციაზე სათამაშო წუთებს მიიღებენ. ამ 5 მოთამაშის სიმაღლის, სიგრძის, მობილურობისა და მრავალფეროვნების გათვალისწინებით მაღლების კარგი გუნდი შეიქმნება", - აღნიშნავს Air Alamo.

შეგახსენებთ, რომ თუ სპურსს სანდრო მამუკელაშვილის დატოვება სურს, სულ მცირე 2.2-მილიონიანი კონტრაქტი უნდა შესთავაზოს.

კომენტარები

ბოლო ამბები