Thumbnail

პირველი ოქრო ევროპულ თამაშებზე - სანდრო ბაზაძე ჩემპიონია

ალექსანდრე ჯავახიშვილი პროფილის ფოტო
ალექსანდრე ჯავახიშვილი
  • ბაზაძემ საქართველოს ევროპულ თამაშებზე პირველი ოქრო მოუპოვა
  • ქართველმა მოფარიკავებ ფინალში დაძაბულ ბრძოლაში მოიგო

პოლონეთში მიმდინარე მე-3 ევროპულ თამაშებზე მსოფლიოს რეიტინგის ნომერ პირველმა მოფარიკავემ, ქართველმა სანდრო ბაზაძემ ოქროს მედალი მოიპოვა.

ფინალამდე ბაზაძემ რთული გზა გაიარა - მან ჯერ ბერძენი ანგელოს პაგკალოსი 15:4 დაამარცხა, შემდეგ უნგრელ ანდრაშ სატმარს 16:9 სძლია, რომელსაც ცოტა ხნის წინ ევროპის ჩემპიონატის ფინალშიც მოუგო. ნახევარფინალის საგზური სანდრომ უკრაინელ ანდრი იაგოდკასთან მოიპოვა, რომელსაც 15:11 აჯობა, ბოლო დაპირისპირებამდე კი მან სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი უნგრელი არონ სილაგი 15-13 დაამარცხა.

ფინალში დაძაბულ ბრძოლაში მოიგო

ოქროს მედლისთვის ბრძოლაც ნახევარფინალის მსგავსად დაძაბული გამოდგა, მაგრამ სანდრო უპირატესობას მთელი დაპირისპირების განმავლობაში ფლობდა. მისი მეტოქე მასპინძელი, პოლონელი კრშიშტოფ კაჩკოვსკი იყო და აქაც მან დრამატულ შეხვედრაში 15:13 მოიგო.

ქართული დელეგაციისთვის ეს მიმდინარე ევროპულ თამაშებზე პირველი ოქროა, საერთო ჯამში კი საქართველოს ანგარიშზე მე-3 მედალია. შეგახსენებთ, რომ ბრინჯაოს მოპოვება შეძლო კარატისტმა გოგიტა არქანიამ, ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე კი ვერცხლის პრიზიორია.

კომენტარები

ბოლო ამბები