Thumbnail

შაბათ-კვირას ევროპოპზე მთავარი თემა საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრები იყო და იმედი გვაქვს, მომდევნო დღეებშიც ასე იქნება. "ზღაპარი გრძელდება" - ამ სათაურში არც შემთხვევითია რამე და არც გადაჭარბებული, რადგან იმას, რასაც საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები აკეთებს, მცირე სასწაულიც კი ეთქმის. ბიჭები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად თამაშობენ, ტურნირზე პირდაპირ მოხვდნენ, რადგან საქართველო ევროს თანამასპინძელია და ურთულეს ჯგუფში ორი თამაშის შემდეგ პირველ ადგილზე არიან - უსწრებენ ბელგიის, ნიდერლანდების და პორტუგალიის ძალიან ძლიერ გუნდებს. ყველაფერი ევროპის მოქმედი ვიცე-ჩემპიონის, პორტუგალიის დამარცხებით დაიწყო და არა, ეს არ ყოფილა გამართლება - რამაზ სვანაძის გუნდმა ის თამაში აბსოლუტურად დამსახურებულად მოიგო. მერე იყო 2:2 ბელგიასთან და ესეც დიდი ამბავია, რადგან გუნდი 0:2-ს აგებდა, მაგრამ ძლიერი ხასიათი გამოავლინა და ფრე გადაარჩინა. წინ ნიდერლანდების ასევე ძალიან ძლიერ გუნდთან თამაშია, ასევე პლეი ოფში გასვლისა და ოლიმპიადის საგზურის მოპოვების შანსები. ამასობაში, ევროპულ თამაშებზე უკვე ორი ოქროს მედალი გვაქვს, ხოლო ილია თოფურიამ კი UFC-ში მორიგი ბრძოლა მოიგო. უიკენდის მთავარი ამბები ორშაბათის საკითხავში:


U21 ევრო | ბიჭები ისტორიას წერენ

"მარტო მწვრთნელი მოედანზე სიტუაციას ვერ შეცვლის. როცა არსებობს ურთიერთგაგება მთელ გუნდს შორის, მაშინ არსებობს შანსი, რომ თამაში გადაარჩინო, თუნდაც ასეთი პირველი ტაიმის მერე." - ეს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რამაზ სვანაძის სიტყვებია ბელგიასთან 2:2-ის შემდეგ. ბიჭებს ბრწყინვალე შანსი აქვთ, ჯგუფური ეტაპი გადალახონ და ამით ისტორია დაწერონ. ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საგზურის მოპოვებაც კი რეალური გახდა.

📋 | ყველა სიახლე ახალგაზრდულ ნაკრებთან დაკავშირებით ნახეთ აქ

U21 ევრო | პირველი ტრანსფერიც გამოიკვეთა

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე წარმატებული თამაში საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის დინამოს მარჯვენა მცველის, საბა საზონოვის ევროპულ კლუბში ტრანსფერის ალბათობას მნიშვნელოვნად ზრდის. გერმანული მედიის ცნობით, ტურნირში საბას გამოსვლას ყურადღებით აკვირდება ჰამბურგი, რომლის ინტერესის შესახებ ცოტა ხნის წინ დაიწერა. დედით ქართველი 21 წლის ფეხბურთელი, რომელმაც დიდი ხანი არ არის, რაც საქართველოს სახელით თამაში გადაწყვიტა, საქართველო-პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრებების მატჩში (2:0) გატანილი გოლით გამოირჩა. საბამ გოლი პირველი ტაიმის მიწურუს, კუთხურის ჩაწოდების შემდეგ თავით გაიტანა და ანგარიში 2:0 გახადა. 

📋 | საბას შესაძლო ტრანსფერის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ.

UFC | თოფურიამ ემეტს მაგრად ურტყა

ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ (13-0) UFC-ში მეექვსე ჩხუბი ჯოშ ემეტის (18-3) წინააღმდეგ გამართა და მეტოქეს მსაჯების გადაწყვეტილებით მოუგო. თოფურიამ მეტოქეს ხუთივე რაუნდში აჯობა (50-44, 50-42, 49-45). ილიამ ემეტი მეორე რაუნდში მაგრად სცემა, რის შემდეგაც მესამე, მეოთხე და მეხუთე რაუნდებში უდიდეს უპირატესობას ფლობდა. თოფურიამ კარიერაში მე-14 გამარჯვება იზეიმა, ხოლო UFC-ში ზედიზედ მეექვსე ბრძოლა მოიგო. ქართველ სპორტსმენს ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი სერხიო რამოსი ამხნევებდა.

📋 | თოფურიას ჩხუბი და ბრძოლის გამოხმაურება ნახეთ აქ.

ევროპული თამაშები | ბაზაძის და კინწურაშვილის ოქროს მედლები

პოლონეთში მიმდინარე მე-3 ევროპულ თამაშებზე საქართველოს უკვე ორი ოქროს მედალი აქვს. პირველი ოქრო მსოფლიოს რეიტინგის ნომერ პირველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ მოიპოვა. ფინალამდე მან მან სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი უნგრელი არონ სილაგი 15-13 დაამარცხა, ხოლო გადამწყვეტ მატჩში მისი მეტოქე მასპინძელი, პოლონელი კრშიშტოფ კაჩკოვსკი იყო და ბაზაძემ აქაც დრამატულ შეხვედრაში 15:13 მოიგო. მეორე ოქროს მედალი კი საქართველოს ტაეკვონდოს ნაკრების წევრის, ზურაბ კინწურაშვილის (-74 კგ) აქტივშია. 

ჩაკვე | კონტრაქტი მთავრდება - მაინც სლოვანი?

საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური გენტის ფეხბურთელის, გიორგი ჩაკვეტაძის საიჯარო ხელშეკრულება სლოვანთან 30 ივნისს იწურება. ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას 23 წლის მოთამაშე, მაგრამ დიდი ალბათობით, ის კვლავ სლოვაკურ გუნდში დარჩება. მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, სლოვანს მისი შენარჩუნება სურს და როგორც გუნდის წარმომადგენლებიც აცხადებენ, ჩაკვეტაძის ტრანსფერზე მუშაობენ.

📋 | გიორგი ჩაკვეტაძის პერსპექტივებზე დეტალურად წაიკითხეთ აქ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები