- კევინ დე ბრუინის ტრავმა მოსალოდნელზე მძიმე აღმოჩნდა
- ბელგიელი მანჩესტერ სიტის პირველ მატჩებში ვერ დაეხმარება
ინგლისურმა მედიამ მანჩესტერ სიტის გულშემატკივრებისთვის არასასიამოვნო ამბავი გაავრცელა.
როგორც “დეილი სტარი” და “დეილი მირორი” წერენ, კევინ დე ბრუინს ახალი სეზონის სტარტის გამოტოვების საფრთხე ემუქრება. როგორც ირკვევა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში (1:0 მილანის ინტერთან) მიღებული ტრავმა იმაზე სერიოზული გამოდგა, ვიდრე მანჩესტერულ გრანდში თავიდან ფიქრობდნენ. დე ბრუინი სიტის პრემიერლიგის პირველ ტურშიც დააკლდება (11 აგვისტოს, ბარნლის წინააღმდეგ) და შესაბამისად, ვერც მანამდე ითამაშებს ინგლისის სუპერთას Community Shield-ზე, როცა სიტი ვიცე-ჩემპიონ არსენალს დაუპირისპირდება.
ჩვენი ინგლისელი კოლეგების ცნობით, სიტის მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას იმედი აქვს, რომ 31 წლის ბელგიელი ევროპის სუპერთასის მატჩისთვის მაინც მოასწრებს გამოჯანმრთელებას. 16 აგვისტოს სიტი ევროპალიგის გამარჯვებულ სევილიას უნდა შეხვდეს.

დე ბრუინი, რომელიც მომავალ ოთხშაბათს 32 წლის ხდება და რომელსაც სიტისთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ინტერთან მატჩში დაშავდა და ნაადრევად შეცვალეს. გამთამაშებელი ბელგიის ნაკრებსაც აკლდა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე.
კომენტარები