Thumbnail

ბასილაშვილი უიმბლდონზე ვერ ითამაშებს - ის რეიტინგში სამასეულს მიღმა რჩება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი ჯერაც სარეაბილიტაციო პერიოდს გადის
  • შარშან მან ლონდონში 2 წრის გავლა მოახერხა

31 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ტრავმის გამო მონაწილეობას ვერ მიიღებს უიმბლდონის 2023 წლის გათამაშებაში, რომლის საკვალიფიკაციო ტურნირიც სტარტს დღეს აიღებს, ძირითადი ბადის მატჩები კი 3-16 ივლისს არის დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდია, ბასილაშვილის კარიერა უკან მიდის. მას ზედიზედ 8 მარცხი ჰქონდა, როდესაც ივნისის დასაწყისში მარჯვენა იდაყვზე ოპერაცია გაიკეთა და ახლა, რეაბილიტაციას გადის. თუ როდის დაუბრუნდება ნიკა კორტს, ჯერჯერობით, უცნობია.

არადა, შარშან ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში იყო დაშვებული და 2 მატჩის მოგებაც მოახერხა: 6:7 (4:7), 7:6 (8:6), 3:6, 6:3, 6:3 – ჩეხ ლუკაშ როსოლთანა და 7:6 (11:9), 0:6, 7:5, 7:6 (7:5) – ფრანგ ქუიენტინ ჰალისთან. მე-3 წრეში ნიკოლოზი ნიდერლანდელ ტიმ ვან რიიტჰოვენთან 4:6, 3:6, 4:6 დამარცხდა.

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) მიერ დღეს განახლებულ რეიტინგში ბასილაშვილი 2 ადგილით კი დაწინაურდა, თუმცა, ეს, მისთვის მცირე შვებაა, რადგანაც მხოლოდ 16 ქულაღა გააჩნია და 319-ე პოზიციაზე იმყოფება.

კლასიფიკაციაში ლიდერობა დაიბრუნა 20 წლის ესპანელმა კარლოს ალკარასმა (7 675 ქულა), რომელმაც პირველი საფეხურიდან 36 წლის სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი (7 595) დააქვეითა. მოწინავე ათეულში არიან დანიილ მედვედევი (რუსეთი, 5 890), კასპერ რუუდი (ნორვეგია, 4 960), სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი, 4 670), ჰოლგერ რუნე (დანია, 4 510), ანდრეი რუბლიოვი (რუსეთი, 4 255), იანიკ სინერი (იტალია, 3 345), ტეილორ ფრიცი (აშშ, 3 310) და ფრენსის ტიაფო (აშშ, 3 085).

კომენტარები

ბოლო ამბები