Thumbnail

შავდათუაშვილი მეორეა, ბექაურმა სამეულში შეაღწია - IJF-ის ახალი რეიტინგი

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ განახლებული კლასიფიკაცია გამოაქვეყნა
  • ულან ბატორის ტურნირის შემდეგ, ცვლილებები საქართველოს ნაკრების წევრებსაც შეეხოთ

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში გამართული გრან პრის შემდეგ რეიტინგი განაახლა. მიუხედავად იმისა, რომ გასულ ტურნირზე საქართველოს ნაკრები მხოლოდ 3 მონაწილით იყო წარდგენილი, ცვლილება არაერთ ქართველ ძიუდოიტს შეეხო.

60 კგ.

ამ წონაში მე-5 ადგილი შეინარჩუნა გიორგი სარდალაშვილმა (4 906 ქულა), რომელმაც გასულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 19 წლის ქართველი ძიუდოისტი მხოლოდ ახალ ლიდერ ჰარიმ ლის (სამხრეთ კორეა, 5 400), იუნგ ვეი იანგს (ტაივანი, 5 235), ფრანსისკო გარიგოსსა (ესპანეთი, 5 234), და ბალაბაი აღაიევს (აზერბაიჯანი, 5 081) ჩამორჩება. ლუხუმ ჩხვიმიანი (2 262) ოცდამეერთეა, თემურ ნოზაძე (1 625) – 28-ე, ხოლო ჯაბა პაპინაშვილი (933) – 45-ე.

66 კგ.

მე-4 ადგილზე იმყოფება ვაჟა მარგველაშვილი (4 591). მას დენის ვიერუ (მოლდოვა, 6 277), ჰიფუმი აბე (იაპონია, 6 100) და ბასხუუ იონდონპერენლეი (4 734) უსწრებენ, ხუთეულში კი ბარუხ შმაილოვიც (ისრაელი, 4 372) იმყოფება. ამავე წონაში 914 ქულით 49-ეა გიორგი თუთაშვილი.

73 კგ.

მე-2 პოზიციაზე გადაინაცვლა ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ). ლიდერი წინ ჰიდაიატ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი, 6 000) გახლავთ, ლაშას უახლოესი მდევრები კი ცოგტბაატარ ცენდ-ოჩირი (მონღოლეთი, 5 443), მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ნილს სტამპი (შვეიცარია, 4 990) და მანუელ ლომბარდო (იტალია, 4 810) არიან. გიორგი ტერაშვილს 1 942 ქულით 21-ე პოზიცია უკავია.

81 კგ.

წონის ლიდერად ტატო გრიგალაშვილი რჩება. ქართველი ძიუდოისტის შედეგი (9 296) კაცთა და ქალთა ყველა წონითი კატეგორიისთვის სარეკორდო მაჩვენებელია. გრიგალაშვილის გარდა, მოწინავე ხუთეულში არიან მატიას კასე (ბელგია, 7 885), საეიდ მოლაეი (აზერბაიჯანი, 5 645), გილერმე შმიდტი (ბრაზილია, 4 356) და იონჰვან ლი (სამხრეთ კორეა, 4 180). ამავე წონაში დიმიტრი გოჩილაიძე (1 085) – 49-ეა, ზაურ დვალაშვილი (925) 54-ე, ხოლო გიორგი შერაზადიშვილი (818) - 55-ე.

ვარლამ ლიპარტელიანმა მონღოლეთში გამართულ გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

90 კგ.

ამ წონის მოწინავე ხუთეულში ერთბაშად 3 ქართველი ძიუდოისტი რჩება. ლიდერი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ლუკა მაისურაძეა 7 050 ქულით, ლაშა ბექაურმა (5 100) მე-3 ადგილზეა გადაინაცვლა, ხოლო ბექა ღვინიაშვილი (4 783) მეხუთეა. მე-2 და მე-4 პოზიციები, შესაბამისად, იაპონელ სანშირო მურაოსა (6 030) და უზბეკ დავლატ ბობონოვს (5 048) უკავიათ.

100 კგ.

6 283 ქულით პირველ ადგილზე დარჩა ილია სულამანიძე, რომელსაც კვალში ზელიმ კოცოიევი (5 911), მიხაელ კორელი (ნიდერლანდები, 5 273), კაილ რეიესი (კანადა, 4 568) და პეტერ პალჩიკი (ისრაელი, 4 307) უდგანან. საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი (3 815), რომელმაც ულან-ბატორში ვერცხლის მედალი მოიპოვა, 2 ადგილით დააწინაურდა და მერვეა, ონისე სანებლიძე (2 060) – 27-ეა, ხოლო გიორგი ბერიაშვილი (1 165) – მე-40-ე.

+100 კგ.

მძიმე წონაში ქართველთაგან საუკეთესო შედეგი გურამ თუშიშვილს (3 645) აქვს, რომელიც მე-9 ადგილზეა, გელა ზაალიშვილი (2 612) მე-19-ეა, საბა ინანეიშვილი (1 730) – 26-ე, ირაკლი დემეტრაშვილი (636) – 57-ე, ხოლო ლევან მატიაშვილი (616) – მე-60-ე. წონის ლიდერები ტემურ რახიმოვი (ტაჯიკეთი, 6 421), ალიშერ იუსუპოვი (უზბეკეთი, 5 320), ტაცურუ საიტო (იაპონია, 4 920), ცეცენცენგელ ოდხუუ (მონღოლეთი, 4 869) და ტედი რინერი (საფრანგეთი, 4 550) არიან.

ქალები

57 კგ-მდე წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი (4 231) მე-8 ადგილზეა, ეთერ ასკილაშვილი (310) 63 კგ-ში 83-ეა, ხოლო მძიმეწონოსანი (+78 კგ.) სოფიო სომხიშვილი (2 623) – მე-17.

IJF-ის რეიტინგში მორიგ მნიშვნელოვან ცვლილებებს ბუდაპეშტის მასტერსის შემდეგ უნდა ველოდეთ, რომელსაც უნგრეთის დედაქალაქი 4-6 აგვისტოს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები