რალფ რანგნიკი არც ვიცი, ვინ არის, უნდა "დავგუგლოო" - მილანის უახლეს ისტორიაში, ძალიან კრიტიკულ მომენტში, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ასე იხსნა კლუბი. ეს იყო პერიოდი, როცა მილანი თავის თავს არ ჰგავდა, ატალანტასთან განადგურდა და კლუბიდან საფეხბურთო ხალხის გაშვება დღეების ან თუნდაც საათების ამბავი იყო. კლუბის მეპატრონეებთან კონფლიქტის შედეგად უკვე წასული იყო ზვონიმირ ბობანი. უახლოესი მომავლის, აი, იმ დღეების და საათების ამბავი იყო პაოლო მალდინის და მთავარი მწვრთნელის, სტეფანო პიოლის გუნდიდან გაშვება. ეს ის ხალხია, ვინც მილანი იცის, ფეხბურთი უყვარს და იტალიაში ავტორიტეტია.
სანაცვლოდ, ამერიკელ მფლობელებს რალფ რანგნიკის დანიშვნა და მილანის საშუალო კლუბად, რაღაც ატალანტას მსგავს ერთეულად გარდაქმნა სურდათ. იბრას არ ახსოვდა, რანგნიკი ვინ არის იმიტომ, რომ არაფერი მოუგია. თუმცა, საფეხბურთო სამყაროში ცნობილი იმითაა, რომ ახალგაზრდა ტალანტების მოძიება, მათი განვითარება და სარფიან ფასად გაყიდვა ძალიან კარგად ეხერხება. სწორედ ამიტომ, ლაიპციგსა და ზალცბურგში ეს მოდელი კარგად მუშაობს. პრობლემა ის არის, რომ მილანი ლაიპციგი არ არის. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ლაიპციგი არც მანჩესტერ იუნაიტედია. სხვათა შორის, მაშინ ძალიან გამიხარდა, რანგნიკი იუნაიტედში რომ შერცხვა. ამ კაცის სახელსა და საეჭვო მიღწევებზე საუბარი უკვე მოსაწყენი იყო.
ვეტერანებმა მაშინ პიოლის დაუჭირეს მხარი. შედეგები მოულოდნელად გაუმჯობესდა. მერე პანდემიის პაუზაც იყო და მილანის საჩემპიონო გარდაქმნა. პიოლის გუნდი ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა, შემდეგ კი "სკუდეტო" მოიგო. მილანს დაუფასდა თავისი ფასეულობების და პრინციპების ერთგულება. თუმცა, ეს დროებითი და იძულებითი ერთგულება იყო. ამერიკელ მფლობელებს ეს კლუბი გარანტირებულ ფულის საჭრელ მანქანად სურთ - დაბალი რისკები, უარი დიდ ტრანსფერებს და ხელფასებს და გარანტირებული შემოსავალი, ანუ, ვყიდით ყველაფერს, რასაც კარგი ფასი აქვს. სპორტული შედეგები, მილანის ამბიცია ამ ისტორიაში მეორეხარისხოვანი ხდება. პროგრამა მაქსიმუმი ჩემპიონთა ლიგაზე სტაბილური ასპარეზობაა, ანუ მეოთხე ადგილი.

კლუბის შიგნით ხედვებს, სტრატეგიებს შორის ეს კონფლიქტი ისევ არსებობდა. როგორც კი ორიოდე კვირის წინ მილანიდან პაოლო მალდინის წასვლის შესახებ გავიგეთ, ვიცოდით, რომ კლუბში რაღაც არასწორად ხდება და ახალი დრო მაინც იწყება. მალდინი მილანის ფასეულობებსაც განასახიერებდა და კლუბის გრანდის ამბიციებსაც. მისი წასვლა იმას ნიშნავდა, რომ ატალანტას და ლაიპციგის მოდელმა გაიმარჯვა. წავიდა იბრაც, ყველაზე დიდი ავტორიტეტი გასახდელში. იბრაც ის კაცია, მხოლოდ ტიტულები და გამარჯვებები რომ ედარდება და პირობით ატალანტაში არასოდეს უთამაშია. მის ამბიციასთან ეს შეუთავსებელია.
მთავარი ამბავი კი სულ რამდენიმე დღის წინ მოხდა. მილანმა სანდრო ტონალი გაყიდა. აი, ზუსტად ასე - ტონალი კი არ წავიდა, მილანმა გაყიდა. ტონალი ბავშვობიდან მილანისტა იყო, კლუბის გამო ხელფასის დაკლებაზეც წასულა და უკეთეს შემოთავაზებებზეც უარი უთქვამს. ის უნდა ყოფილიყო მილანის შემდეგი კაპიტანი - გარდა იმისა, რომ მართლა ძალიან კარგი ფეხბურთელია.
ტონალის გაყიდვა მომავლის და ამბიციის გაყიდვაა. სანდროს მილანიდან წასვლა ისევ არ სურდა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობამ ღიად უთხრა, რომ ამ ფასად მისი გაყიდვა კლუბისთვის ძალიან კარგი იდეა იყო. არადა, მილანს ფინანსები ასე კრიზისულად ნამდვილად არ უჭირს - დაბალი სახელფასო ფონდი აქვს, ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა და წელსაც ამ ტურნირში ნახევარფინალამდე მიაღწია, რაც დაახლოებით 100 მილიონამდე დამატებით შემოსავალს ნიშნავს. მილანის განვითარების ვექტორი მალდინის და ტონალის წასვლით აშკარად შეიცვალა. პრიორიტეტი ფულის კეთებაა და სპორტული ამბიცია მეორე პლანზე გადადის.
სხვათა შორის, იგივე მოუვიდა ინტერსაც, რომელიც ყოველ წელს იძულებულია, ლიდერებს შეელიოს, მიუხედავად იმისა, რომ დაბალი სახელფასო ბიუჯეტი, ჭკვიანური სატრანსფერო კამპანია და კარგი სპორტული შედეგები აქვს. სწორედ ამიტომ, იტალიური ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ანიელების ოჯახი არ ყიდის იუვენტუსს, ბოლო დიდ კლუბს იტალიელი, ისტორიული მფლობელებით, ანუ იმ ხალხით, ვინც კლუბს ფულის საკეთებლად კი არა, ამბიციისთვის ფლობს.

იტალიის და მილანის ამბები იქით იყოს. ეს ტრანსფერი ზოგადად ცუდია ფეხბურთისთვის. სად წავიდა ტონალი?! ის რომ სადმე ლივერპულში ან რეალში წასულიყო, არავის გაუკვირდებოდა და ეწყინებოდა. მაგრამ ნიუკასლი?! პრემიერლიგის მასშტაბითაც კი ტრადიციული, თუმცა მაინც პროვინციული კლუბი, სადღაც ბრიტანეთის ჩრდილოეთში, 300-ათასიანი ქალაქიდან, მფლობელებით საუდის არაბეთიდან. ნიუკასლს უხდებოდა ალან შირერი და პიტერ ბერდსლი, მაგრამ სანდრო ტონალი?!
ის, რომ მილანის ლიდერს და მის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს ნიუკასლის საუდელები ყიდულობენ, ნამდვილად ძალიან ცუდია ფეხბურთისთვის. ეს მილანის უამბიციობა და დამცირებაც არის, სერია A-ს პერიფერიულ ტურნირად ქცევაც, როცა პრემიერლიგის არაგრანდებსაც კი შენი ლიდერების იოლად წაყვანა შეუძლიათ და, ზოგადად, ფეხბურთის ფასეულობებსაც ღალატობს.
მაგარი ბიჭები მილანიდან ნიუკასლში არ მიდიან - არასწორი გზაა. ეს იმას ნიშნავს, რომ საუდელების ფული და ზოგადად ფული ბოლომდე ყიდულობს ამ თამაშის პრინციპებს. სულ 20 წლის წინ ტოტის, დელ პიეროს და მალდინის მაგალითი იყო. ფული მაშინაც ყველაფერს ყიდულობდა, თუმცა იყო გამონაკლისებიც. ახლა ყველაფერს ყიდულობს, თან რეალის და ბარსელონას და თუნდაც სიტის ფული კი არა, ანუ ფულთან ერთად სახელი, კლასი და ამბიცია, არამედ მხოლოდ ფული ამ კონტექსტის გარეშე.
ტონალის წასვლა ბევრ ცუდ რამეს ნიშნავს - მილანისთვისაც, თავად ტონალისთვისაც და მთლიანად ფეხბურთისთვის. ცუდი დრო მოდის...
კომენტარები