Thumbnail
  • ტექსასურმა გუნდმა ქართველ კალათბურთელს კონტრაქტი გაუფორმა
  • სანდრო მამუკელაშვილი 1 წელში 2 მილიონ დოლარს მიიღებს

სან ანტონიო სპურსმა საქართველოს ნაკრების მძიმე ფორვარდს, სანდრო მამუკელაშვილს 1-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა, რომლის მიხედვითაც ის 2 მილიონ დოლარს მიიღებს, - ინფორმაციას ESPN-ის ედრიან ვოინაროვსკი ავრცელებს, რომელსაც ეს სანდროს აგენტებმა დაუდასტურეს.

მარტში მილუოკი ბაქსიდან წასვლის შემდეგ მამუკელაშვილი ტექსასურმა გუნდმა აიყვანა და სტანდარტული კონტრაქტი გაუფორმა. მისმა სათამაშო სტილმა და შედეგმა გულშემატკივრებსა და სამწვრთნელო სტაფში დიდი მოწონება დაიმსახურა. რაც მთავარია, სანდროს თამაშით აღფრთოვანებული იყო გრეგ პოპოვიჩი, რომელმაც მის შესახებ არაერთხელ ისაუბრა და დადებითად დაახასიათა.

მამუკელაშვილი შაბათს ვიქტორ ვემბანიამასა და საიდი სისოკოს პრეზენტაციაზეც იმყოფებოდა, სადაც განაცხადა, რომ გუნდში დარჩენა სურდა, მაგრამ არ იცოდა რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ.

კონტრაქტის გაფორმების შემდეგ სან ანტონიოს შემადგენლობაში 16 კალათბურთელი ეყოლება, შესაბამისად, უახლოეს მომავალში გუნდში გარკვეულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ.

სანდროს თამაშმა პოპოვიჩის მოწონება დაიმსახურა

ქართველი კალათბურთელი 2021 წელს 54-ე ნომრად ინდიანა პეისერსმა აირჩია და შემდეგ ბაქსში გაუშვა. ვისკონსინურ გუნდში სანდროს ძალიან ცოტა სათამაშო დრო ჰქონდა - მან NBA-ში 65 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 3.2 ქულასა და 2.1 მოხსნას აგროვებდა. სპურსში გადასვლის შემდეგ კი მამუკელაშვილმა 19 შეხვედრაში საშუალოდ 10.8 ქულა და 6.8 მოხსნა დააგროვა. აღსანიშნავია ისიც, რომ სანდრო პერიმეტრიდან 35%-იანი სიზუსტით ისროდა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ორლანდო მეჯიქმა ოპციით ისარგებლა და საქართველოს ნაკრების 23 წლის ცენტრს, გოგა ბითაძეს ორწლიანი კონტრაქტის მეორე ნახევარი გაუგრძელა.

კომენტარები

ბოლო ამბები