- მაქსმა მიმდინარე სეზონში გამარჯვება მეშვიდეჯერ მოიპოვა
- ნიდერლანდელმა ლეგენდარულ აირტონ სენას გადაასწრო
- რედ ბულს წელს ყველა რბოლა მოგებული აქვს
UPDATE: ტრასიდან გადასვლის გამო რბოლის შემდეგ პილოტები დააჯარიმეს, რამაც საუკეთესო ათეულში საბოლოო შედეგებზე გავლენა იქონია - კარლოს საინსმა მე-4 ადგილიდან მეექვსეზე გადაინაცვლა. მე-4 და მე-5 ადგილები შესაბამისად, ლანდო ნორისმა და ფერნანდო ალონსომ დაიკავეს. ჰემილტონი მე-8 ადგილზე ჩამოქვეითდა და მას ჯორჯ რასელმა გაასწრო. პიერ გასლი კი ლენს სტროლის უკან, მე-10 ადგილზე აღმოჩნდა. რეიტინგები განახლებულია.
მაქს ფერსტაპენი მსოფლიო ჩემპიონის ზედიზედ მე-3 ტიტულისკენ მიდის და როგორც ჩანს, მიმდინარე სეზონში მას ვერავინ შეაჩერებს. ნიდერლანდელმა პილოტმა ავსტრიაშიც მოიგო და წელს მე-7, საერთო ჯამში კი 42-ე გამარჯვება იზეიმა - ამ მაჩვენებლით მან ლეგენდარულ ბრაზილიელ მრბოლელს აირტონ სენას გადაასწრო.
ბოლო წრემდე მაქს ფერსტაპენი მეორე ადგილზე მყოფ შარლ ლეკლერს თითქმის 24 წამით სჯობნიდა, მაგრამ 25 წლის პილოტმა პიტ სტოპში შესვლა გადაწყვიტა - მას ყველაზე სწრაფი წრის დაფიქსირება სურდა, რომელიც სერხიო პერესს ეკუთვნოდა. საბოლოო ჯამში, მაქსმა ესეც მოახერხა, მონეგასკ პილოტს 5.155 წამით აჯობა და ავსტრიის გრან პრი უპრობლემოდ მოიგო. აღსანიშნავია ისიც, რომ 7 მაისის შემდეგ პირველად ფერტსაპენმა რამდენიმე წრე პირველი პოზიცია დაკარგა, მაგრამ ლიდერობა მალევე დაიბრუნა.

მეორე ადგილზე შარლ ლეკლერი გავიდა, ავსტრიის გრან პრიზე კი დუბლი რედ ბულმა შეასრულა, რადგან მე-3 პოზიცია სერხიო პერესს ერგო - მექსიკელმა რბოლა მე-15 პოზიციიდან დაიწყო და პოდიუმზე მაინც ავიდა. მეოთხე და მეხუთე ადგილები შესაბამისად კარლოს საინსმაა და ლანდო ნორისმა გაინაწილეს.
ცალკე ამბავია ამ სეზონში რედ ბულის გამოსვლაც - გუნდმა 9-დან 9 რბოლა მოიგო, ეს კი ისტორიაში მათი 101-ე გამარჯვებაა.
საერთო ჩათვლა - TOP 10
1. მაქს ფერსტაპენი (რედ ბული) - 229 ქულა
2. სერხიო პერესი (რედ ბული) - 148
3. ფერნანდო ალონსო (ასტონ მარტინი) - 131
4. ლუის ჰემილტონი (მერსედესი) - 106
5. კარლოს საინსი (ფერარი) - 82
6. შარლ ლეკლერი (ფერარი) - 72
7. ჯორჯ რასელი (მერსედესი) - 72
8. ლენს სტროლი (ასტონ მარტინი) - 44
9. ესტებან ოკონი (ალპინ რენო) - 31
10. ლანდო ნორისი (მაკლარენი) - 24
კონსტრუქტორთა თასი
1. რედ ბული - 377
2. მერსედესი - 178
3. ასტონ მარტინი - 175
4. ფერარი - 154
5. ალპინ რენო - 47
6. მაკლარენი - 29
7. ჰაასი - 11
8. ალფა რომეო - 9
9. უილიამსი - 7
10. ალფა ტაური - 2
კომენტარები