Thumbnail

We Will Rock You! ტატო ბაციკაძის გუნდი სკოლის რვეულის ბოლო ფურცლიდან

ფეხბურთის სიყვარულს ხანდახან უცნაური შედეგები მოაქვს. მაგალითად, ფეხბურთის ყველა მოყვარული ძალიან კარგად ერკვევა ქვეყნებში და ქალაქებში. ასე რომ, ქალაქობანას ფეხბურთის ქომაგს ვერავინ მოუგებს. გარდა ამისა, ყველამ ჯერ კიდევ ბავშვობაში ვისწავლეთ ქვეყნების დროშები. შეიძლებოდა, არ გვცოდნოდა, სად იყო ლიმპოპოს მდინარე, ან რომელი იყო ყველაზე მაღალი მწვერვალი სამხრეთ ამერიკაში, მაგრამ სამაგიეროდ, ერთ წამში ამოვიცნობდით პერუს, ჩილეს, სამხრეთ აფრიკის, ნიგერიის თუ ირანის დროშებს.

ასევე, სკოლის რვეულების ბოლო გვერდებზე თითქმის ყველანი ვწერდით ჩვენი საყვარელი გუნდის შემადგენლობებს თავისი ნომრებით, ხანდახან მაისურებსაც ვხატავდით და ვცდილობდით, შემადგენლობა ვიზუალურად მაქსიმალურად ყოფილიყო იმის მსგავსი, რაც მანამდე, მატჩების დაწყების წინ, ტელევიზორში გვენახა.

საყვარელი გუნდების შემადგენლობის გარდა, პირადად მე, საყვარელი ფეხბურთელების გუნდებსაც ვწერდი - ვინც ყველაზე მეტად მიყვარდა, იმ მოთამაშეებისგან გუნდს ვაკეთებდი და მერე ვუყურებდი და ვფიქრობდი, რა იქნებოდა დავიდსს, ბექჰემს, რონალდოს და ბატისტუტას ერთ გუნდში რომ ეთამაშათ...

მუსიკოსების გუნდი

ფეხბურთის თემა რომ ამოვწურე, მერე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან შემდგარ გუნდებს ვაკეთებდი. მაგალითად: მწერლების 11-ეული, კალათბურთელების საფეხბურთო გუნდი და ასე შემდეგ…

რაკი ფეხბურთთან ერთად, ჩემი საყვარელი სფერო მუსიკაა, კონკრეტულად კი როკ მუსიკა, დღეს როკმუსიკოსების 11-ეულს გავაკეთებ და ვეცდები, აღვწერო, ვინ როგორ მოთამაშედ წარმომიდგენია. სქემა 4-2-3-1 იქნება.

მეკარე: სლეში (Guns n’ Roses) 

კარში სლეში დგას, რომელიც თავისი ვარცხნილობით კიდევ ერთ გამორჩეულ მეკარეს, რენე იგიტას გვაგონებს. იგიტას მსგავსად, ისიც საკმაოდ არაპროგნოზირებადი მეკარეა - ურთულესი ბურთების მოგერიების მერე შეუძლია, კარიდან 30 მეტრში ბურთი დაკარგოს და გუნდს თამაში წააგებინოს.

მარჯვენა მცველი: ოზი ოზბორნი (Black Sabbath)

სწრაფი და ცოტათი წონაში მყოფი მარჯვენა მცველი, რომელიც შეტევებში აქტიური ჩართვით და დაცვაში ძალიან ხისტი თამაშით გამოირჩევა. არასტაბილური ხასიათის გამო, ბევრი უაზრო წითელი ბარათი აქვს მიღებული. გამოარჩევს სისწრაფეზე კარგი დრიბლინგი და კარგი ჩაწოდება. 

მარცხენა მცველი: კიტ მუნი (The Who)

გუნდის ყველაზე შეშლილი და არაპროგნოზირებადი მოთამაშე. ძალიან სწრაფია და მუდამ შეტევაში მიდის, დაცვაში დაბრუნებას ხშირად აგვიანებს და ამის გამო გუნდი ბევრ გოლს უშვებს. მიუხედავად ამისა, შეტევაში იმდენად კარგია, რომ მწვრთნელი მასზე უარს ვერ ამბობს. 

ცენტრალური მცველები: ბრაიან მეი (Queen) და ჯონ ბონემი (Led Zeppelin)

ორი ერთმანეთისგან განსხვავებული მცველი. მეი მაღალი, გამხდარი და სწრაფია. კარგად თამაშობს თავით და ორთაბრძოლებსაც ბევრს იგებს. მიუხედავად ერთი შეხედვით მოუქნელი აღნაგობისა, საკმაოდ ტექნიკურია და თამაშის ელეგანტური სტილი გამოარჩევს.

საპირისპიროდ, ბონემი დაბალი, ჩასკვნილი და ნელია, მაგრამ ფიზიკური ნაკლების კომპენსირებას თამაშის წაკითხვის კარგი უნარით ახერხებს. არ ერიდება ორთაბრძოლებში შესვლას და ხანდახან ზედმეტი სიხისტითაც გამოირჩევა. 

საყრდენები: როჯერ უოტერსი და დევიდ გილმორი (ორივე Pink Floyd)

მცველების მსგავსად, საყრდენ ზონაშიც ორი განსხვავებული მოთამაშე გვყავს. როჯერ უოტერსი ნამდვილი 6-იანია - მაღალი, ბურთთან თქვენობით მყოფი, მაგრამ ართმევაზე უბადლო და ძალიან ხისტი, უხეში ფეხბურთელი. მეტოქეებს მასთან ორთაბრძოლაში შესვლის ეშინიათ, რადგან იციან, რომ როჯერმა შეიძლება ფეხი მოტეხოს. უოტერსის მოტყუება ძალიან რთულია, რის გამოც ფანებმა The Wall (კედელი) შეარქვეს.

1972 წელი: წინა რიგში პინკ ფლოიდის შემადგენლობა - მარცხნიდან: გილმორი, უოტერსი, მეისონი და რაიტი

მის გვერდით კი დევიდ გილმორია, რომელიც თავისი უბადლო ტექნიკის და ჰაეროვანი თამაშის წყალობით, ქომაგების ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშეა. ახასიათებს შესანიშნავი დრიბლინგები და პასები. გუნდის ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური და ჭკვიანი მოთამაშე. 

მარჯვენა გარემარბი: რონი ჯეიმს დიო (Rainbow, Black Sabbath)

ძალიან სწრაფი და მოუხელთებელი გარემარბი - ტექნიკის ნაკლებობას სისწრაფის ხარჯზე აკომპენსირებს. გამოარჩევს კარგი დრიბლინგი და ძალიან კარგი, დაყენებული დარტყმა. საჯარიმოში თუ შევიდა, შეტევა გოლით ან პენალტის მოპოვებით მთავრდება. 

მარცხენა გარემარბი: რობერტ პლანტი (Led Zeppelin)

გუნდის ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური მოთამაშე. საკმაოდ სწრაფია და აქვს კარგი დრიბლინგი, კარგად თამაშობს თავითაც. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი ფეხბურთელია, იქიდან გამომდინარე, რომ გარეგნობის გამო, გუნდის ქალბატონი გულშემატკივრები მასზე გიჟდებიან, მამაკაცი ქომაგების მხრიდან ცოტათი არასერიოზული დამოკიდებულება შეიმჩნევა. 

რობერტ პლანტი ფეხბურთის თამაშისას, კალიფორნიაში
📸 | ბრედ ელტერმანის ფოტო

გამთამაშებელი: რიჩი ბლექმორი (Deep Purple, Rainbow)

უმძიმესი ხასიათის მქონე, მაგრამ უნიჭიერესი ათიანი. ბურთის ფლობაში ბადალი არ ჰყავს. გამოარჩევს შესანიშნავი ტექნიკა და მოედნის ხედვა. საფეხბურთო კომპონენტების მხრივ ნაკლი არ აქვს, სამაგიეროდ, პრობლემები აქვს დისციპლინის მხრივ. თამაშების დროს არაერთხელ აფეთქებულა და უაზრო წითელი ბარათები მიუღია. გარდა ამისა, როგორც ამბობენ, სწორედ მისი დაჟინებული მოთხოვნის გამო, გუნდიდან ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი, იან გილანი გააგდეს. 

ფორვარდი: ფრედი მერკური (Queen)

სწრაფი და ტექნიკური ფორვარდი, ცრუ ცხრიანის პოზიციის პიონერი. გარდა უზადო ტექნიკისა და სისწრაფისა, გამოარჩევს საგოლე ალღოც. მკვლელი ინსტინქტის გამო ზედმეტსახელად Killer Queen შეარქვეს. 

მწვრთნელი: ბობ დილანი 

ძალიან გამოცდილი და ყველაფრის მნახველი სპეციალისტი. ტოტალური ფეხბურთი რეალურად მისი მოგონილია. უამრავმა დიდმა მწვრთნელმა მისი სათამაშო სისტემების და ტაქტიკების გამოყენებით არაერთ წარმატებას მიაღწია. ტოტალური ფეხბურთის გარდა, ასევე ცნობილია მისი სწრაფ და მთელი გუნდით შეტევაზე მომართული ტაქტიკა, რომელსაც Like a Rolling Stone უწოდეს.  

სათადარიგოთა სკამი

კირკ ჰემეტი (Metallica) - გუნდის მეორე მეკარე, რომელიც მხოლოდ თასის შეხვედრებში და ევროპალიგაზე თამაშობს. 

ჯეიმს ჰეტფილდი (Metallica) - მაღალი და ძალიან ხისტი ცენტრალური მცველი. მეტოქე თუ ეუხეშა, იმახსოვრებს და სამაგიეროს უხდის, რის გამოც ქომაგებმა Unforgiven შეარქვეს. 

პოლ მაკარტნი (The Beatles) - მარცხენა მცველი, რომელსაც შემტევადაც შეუძლია თამაში. არის ძალიან ტექნიკური, მაგრამ ოდნავ ნელი. 

ჯიმი ჰენდრიქსი (The Jimi Hendrix Experience) - ხისტი და მოქნილი საყრდენი ნახევარმცველი, რომელიც შეტევებშიც კარგად ერთვება და არაერთ გოლს იტანს. 

ჯონ ლენონი (The Bealtes) - ჭკვიანი ცენტრალური ნახევარმცველი, გამორჩეული მოედნის კარგი ხედვით. ტექნიკური, მაგრამ ფიზიკურად სუსტი, რის გამოც 90 წუთი ვერ თამაშობს. 

ჯიმ მორისონი (The Doors) - ტექნიკური გამთამაშებელი, რომელსაც მეორე ფორვარდადაც შეუძლია თამაში. ძალიან კრეატიული და ჭკვიანი ფეხბურთელი, ოდნავ ზარმაცი, რის გამოც დილანი მას ხშირად არ ათამაშებს. 

მარკ ბოლანი (T. Rex) - მშრომელი და დაუღლელი ცენტრალური ნახევარმცველი, ე.წ. box to box. მუდამ იბრძვის და არასდროს იღლება. გულშემატკივარმა ამის გამო Electric Warrior შეარქვა. 

კურტ კობეინი (Nirvana) - დაბალი და სწრაფი გარემარბი, რომელსაც ორივე ფლანგზე თანაბრად კარგად შეუძლია თამაში. 

მიკ ჯაგერი (Roling Stones) - გამხდარი და სწრაფი ნახევარმცველი. ტექნიკური, მაგრამ ფიზიკურად სუსტი. შეტევაში ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში. სათამაშო დრო ძალიან შეზღუდული აქვს, რის გამოც სულ უკმაყოფილოა. 

მარკ ნოფლერი (Dire Straits) - მერკურის მსგავსად, ცრუ ცხრიანის ტიპის ფორვარდი. შეუძლია თამაში ფლანგზეც და გამთამაშებლადაც. 

იან ანდერსონი (Jethro Tull) - ტარანის ტიპის ცენტრფორვარდი, კარგად თამაშობს თავით, ტექნიკაში ოდნავ მოიკოჭლებს. უნივერსალური თვისებების გამო თამაში ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია - მწვრთნელი ხანდახან დაცვის ცენტრშიც კი აყენებს ხოლმე. 

კლუბის პრეზიდენტი: ელვის პრესლი

სპორტული დირექტორი: ჩაკ ბერი

ფიზიოთერაპევტი: ჯენის ჯოპლინი

სკაუტი: დევიდ ბოუი

მასაჟისტი: რინგო სტარი

ტატო ბაციკაძე
ზოგადად ბევრს ლაპარაკობს და მხოლოდ მაშინ ჩუმდება, როდესაც რომელიმე სტენდ-აფ კომიკოსს უსმენს. ჯორჯ კარლინის, ფრედი მერკურის და კურტ ვონეგუტის არარსებული ქართული ფანკლუბების არარსებული დამაარსებელი.

კომენტარები

ბოლო ამბები