Thumbnail
  • დავით როგავა ამერიკაში გოლდენ სტეიტის სტაფში იმყოფება
  • იგი გუნდთან ერთად საზაფხულო ლიგისთვის ემზადება
  • ოლიმპის მწვრთნელს ამერიკულ დღეებზე ვესაუბრეთ

საკალათბურთო კლუბ თბილისის ოლიმპის მწვრთნელი დავით როგავა ამერიკაში იმყოფება, სადაც გოლდენ სტეიტის summer league-ის გუნდთან ერთად მოსამზადებელ პერიოდს გადის, იგი გუნდს 26 ივნისს შეუერთდა და სტაფთან ერთად საზაფხულო ლიგისთვის ემზადება.

ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელი სახელოვან ორგანიზაციაში ზაზა ფაჩულიას დახმარებით მოხვდა. როგავამ გოლდენ სტეიტის სტაფთან მუშაობის პირველი გამოცდილება California Classic summer league-ზე მიიღო, 7 ივლისიდან კი მთავარი საზაფხულო ლიგა დაიწყება, რომლის დასრულებამდე იგი უორიორსთან ერთად იქნება. 

“ევროპოპი” ახალგაზრდა ქართველ მწვრთნელს დაუკავშირდა, რომელიც ამერიკულ შთაბეჭდილებებზე, ახალწვეულებზე, ორგანიზაციის სამუშაო გარემოსა და ატმოსფეროზე გვესაუბრა.

როგავა სუპერლიგაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელია

დავით როგავა (ოლიმპის მწვრთნელი): "ამჟამად გოლდენ სტეიტის სტაფთან ერთად საკრამენტოში ვარ. ზოგადად, ყველა გუნდს 10-12-კაციანი სამწვრთნელო სტაფი ჰყავს და ყველას თავისი როლი აქვს. მაგალითად - ზოგი ვიდეო კოორდინატორია, ზოგი დაცვით ნაწილებზე მუშაობს, ზოგი თავდასხმის მწვრთნელია. თამაშის დროს მთავარი მწვრთნელი დავალებებს გვაძლევს, რას უნდა დავაკვირდეთ, თამაშის შემდეგ კი განხილვა გვაქვს და კონკრეტული მატჩისთვის ვემზადებით, ყველა ვარჯიშისა და თამაშის წინ 1-საათიანი შეხვედრები გვაქვს, რომელშიც ყველა თავის აზრს გამოთქვამს."

…ზაზა ფაჩულიას ფაქტორზე: “აქ ზაზას დამსახურებით ვარ. მინდა, მას დიდი მადლობა გადავუხადო. თბილისში ყოფნისას დავუკავშირდი და ჩემს მიმართ დიდი ყურადღება გამოიჩინა, ყველანაირად გვერდში დამიდგა და შესაძლებლობა მომცა, გოლდენ სტეიტის გუნდთან ერთად საზაფხულო ლიგაზე ვყოფილიყავი. ვფიქრობ, უორიორსი NBA-ში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ორგანიზაციაა - თავისი მიდგომითა და დაგეგმარებით. საინტერესოა, როგორი დამოკიდებულება აქვთ საზაფხულო ლიგის მატჩების მიმართ. მადლობა ზაზას და ორგანიზაციას, რომ ამის ნახვის შესაძლებლობა მაქვს”. 

კარიერის დასრულების შემდეგ ფაჩულია უორიორსის სტაფში მუშაობს

…გუნდში საკუთარ როლზე: “მალე ლას ვეგასში გავფრინდებით, სადაც მთავარ საზაფხულო ლიგაში ჩავერთვებით და გუნდთან ერთად ბოლომდე ვიქნები. დღითი დღე უფრო მეტ დავალებას გვაძლევენ, რაც ძალიან საინტერესოა. მწვრთნელები, რომლებსაც მუშაობის 7-8-წლიანი გამოცდილება აქვთ, ერთმანეთს ძალიან კარგად უგებენ, თავიდან აქაურ რეჟიმზე გადასვლა ცოტა გამიჭირდა. ყოველდღიურად უფრო მეტ ნდობას ვგრძნობ. ყოველი ახალი დღე უკეთესია”.

"ყოველდღიურად უფრო მეტ ნდობას ვგრძნობ. ყოველი ახალი დღე უკეთესია"

…ვარსკვლავებთან ურთიერთობაზე: “ჯერჯერობით, კარისთან და ტომპსონთან შეხვედრის შესაძლებლობა არ მომცემია, რადგან ისინი ლას ვეგასში გოლფის ტურნირზე იმყოფებოდნენ. უორიორსის სტაფიდან თითქმის ყველა გავიცანი, მათთან ბაზაზე შეხვედრა ყოველდღიურად მიწევს. ახალი გენერალური მენეჯერი მაიკ დანლივიც გავიცანი. ჩემი აქ ყოფნა იმ პერიოდს დაემთხვა, როცა ჯორდან პული გაცვალეს, ხოლო დრეიმონდ გრინი თავისუფალი აგენტი გახდა, მერე გრინმა ისევ მოაწერა ხელი კონტრაქტის გახანგრძლივებას და ძალიან საინტერესო იყო ამ ყველაფრი ნახვა, თუ როგორ აგვარებს ამხელა დონისა და კლასის ორგანიზაცია სხვადასხვა საკითხებს. სტივ კერთან პირადი შეხება არ მქონია, მაგრამ მის ასისტენტებთან ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს”.

"კრის პოლი ძალიან უშუალო და უბრალო ადამიანია. თავისით მოვიდა და გამეცნო"

…კრის პოლზე: “რამდენიმე დღე კრის პოლი ჩვენთან ერთად იყო და ჩვენს ვარჯიშებში ჩართული გახლდათ. გოლდენ სტეიტის დარბაზში მისი ერთ-ერთი პორველი ვიზიტი იყო, ძალიან უშუალო და უბრალო ადამიანია. თავისით მოვიდა და გამეცნო. მსუბუქ ვარჯიშებზეც ბოლომდე იხარჯებოდა, სასწაულ ფიზიკურ ფორმაშია. პირველ რიგში, რაც იგრძნობა, არ აქვს ვარსკვლავური იმიჯი და ყველასთან თავისუფლად ურთიერთობს”.

კრის პოლი "ოქროს შტატელებთან" ერთად პირველ სეზონს დაიწყებს

…ახალწვეულებზე: “ორივე ახალწვეული ძალიან კარგი მოთამაშეა - ტრეისი ჯექსონ-დევისი და ბრენდინ პოძიემსკი, ორივესთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ბევრს ვლაპარაკობთ. ასევე არიან სხვა კარგი მოთამაშეები, რომლებიც წინა წელს G ლიგაში თამაშობდნენ, შარშანდელ დრაფტის პიკებზეც დიდ იმედებს ამყარებენ. ამ თამაშებში მათი ძალა გამოჩნდება. არ არის მარტივი, კოლეჯიდან პირდაპირ NBA-ზე გადასვლა, რადგან ფიზიკური თამაში მიდის, ყველანი ათლეტურები არიან, მწვრთნელების დავალებაც ეს არის, რომ მათ მოსამზდებელი პერიოდი გავუმარტივოთ და მაქსიმალურად დავეხმაროთ”.

გოლდენ სტეიტის ახალწვეულები - ტრეისი ჯექსონ-დევისი და ბრენდინ პოძიემსკი

…გამოცდილებაზე და შთაბეჭდილებებზე: “ჩემი აქ ყოფნა იმას მაჩვენებს, თუ რამხელა შრომაა საჭირო იმისთვის, რომ ასეთ ადგილას მოხვდე და შემდეგ თავი დაიმკვიდრო. ძალიან დიდი კონკურენციაა, აქ არიან მწვრთნელები, რომლებიც 6-7 წელია მუშაობენ და საკუთარი ადგილისთვის ჯერ კიდევ იბრძვიან, ისინი ღამეებს ათენებენ, ძალიან ბევრს მუშაობენ, რათა შედეგი დადონ. პირველ რიგში, რაც აქ ყოფნისას გავიაზრე, ესაა მოთმინება და მიზნისთვის ბოლომდე ბრძოლა. ძალიან ბევრი შრომაა საჭირო, იმაზე მეტი უნდა გააკეთო, რასაც გთხოვენ და გავალებენ. აქ ყოფნამ ეს ყველაფერი ძალიან კარგად დამანახა”. 

კომენტარები

ბოლო ამბები