Thumbnail
  • EA Sports FC 24-ის გარეკანს ერლინგ ჰაალანდი დაამშვენებს
  • ახალი საფეხბურთო სიმულატორი 29 სექტემბერს გამოვა
  • თამაშის სავარაუდო ღირებულება გამოვლინდა

EA Sports FC 24 რამდენიმე თვეში გამოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფიფასა და EA-ს 30-წლიანი თანამშრომლობა დასრულდება. გასაკვირი არაა ის ამბავი, რომ ახალი თამაშის მიმართ მოლოდონი საკმაოდ დიდია, გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გეიმინგ სამყაროში წლის მთავარი ინტრიგა EA Sports FC-ის გამოსვლას უკავშირდება. 

ცხადია, საფეხბურთო სიმულატორის მოყვარულებს პირველ რიგში, ახალი თამაშის გეიმპლეი, მექანიკები და რეჟიმები აინტერესებთ, თუმცა ძალიან დიდ ინტერესს გარეკანის ვარსკვლავიც იწვევს. Fut Sheriff-ის ინფორმაციით, EA Sports FC 24-ის გარეკანს ნორვეგიელი ვიკინგი ერლინგ ჰაალანდი დაამშვენებს. შეგახსენებთ, FIFA 23-ის გარეკანზე კილიან მბაპე და სემ კერი იყვნენ გამოსახულნი.

თამაშზე ადრეული წვდომა 22 სექტემბერს იქნება შესაძლებელი, ხოლო სრული ვერსია 29 სექტემბერს გამოვა. აქამდე ვრცელდებოდა ვარაუდი, რომ ახალი თამაში შესაძლოა უფასო ყოფილიყო, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა, EA Sports FC 24-ის ღირებულება ასე გამოიყურება: სტანდარტული ვერსია PS4-სა და Xbox One-ისთვის - 69,99 დოლარი, სტანდარტული ვერსია PS5-სა და Xbox Series X|S-ისთვის - 79,99 დოლარი და სრული ვერსია (digitale Cross-Gen) - 109,99 დოლარი. 

ჰაალანდის პირველი პრემიერლიგური სეზონი ზღაპრული გამოდგა, მან სიტისთან ერთად ისტორიული ტრებლი მოიგო - პრემიერლიგა, ასოციაციის თასი და ჩემპიონთა ლიგა. გარდა ამისა, 22 წლის ნორვეგიელმა პრემიერლიგის 35 მატჩში 36 გოლი გაიტანა, ჩემპიონთა ლიგაზე თავი 12 გოლით გამოიჩინა, საერთო ჯამში კი სადებიუტო სეზონი 52 გოლით დაასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები