Thumbnail
  • ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებს 2024 წლიდან გაწვრთნის
  • წყაროს ცნობით, ფედერაციის პრეზიდენტი კაკას ესაუბრა

კარლო ანჩელოტი 2024 წლიდან ბრაზილიის ნაკრებს ჩაიბარებს და როგორც La Gazzetta dello Sport იუწყება, "სელესაოს" სამწვრთნელო სტაფს ლეგენდარული ფეხბურთელი რიკარდო კაკა შეუერთდება.

64 წლის იტალიელი სპეციალისტის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ედნალდო როდრიგესმა დაადასტურა. მან აღნიშნა, რომ ეროვნულ გუნდს ის 2024 წლის კოპა ამერიკის დაწყებამდე ჩაიბარებს.

La Gazzetta dello Sport-ის ხუთშაბათის გამოშვების მიხედვით, კარლო ანჩელოტის ასისტენტობას მისი ყოფილი ფეხბურთელი, კაკა გაუწევს. წყაროს ცნობით, როდრიგესი ამის შესახებ მას უკვე ესაუბრა.

შეგახსენებთ, რომ "პაპა კარლოს" მადრიდის რეალთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, შესაბამისად, იტალიელი მწვრთნელი ბრაზილიას ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ შეუერთდება. მანამდე კი "სელესაოს" დროებითი მწვრთნელი ფერნანდო დინიზი იქნება.

კაკას ანჩელოტის მილანში 270 შეხვედრაში 95 გოლი აქვს გატანილი, ამ პერიოდში "როსონერიმ" 5 ტიტული მოიპოვა, მათ შორის კი ერთი სკუდეტო და ერთი ჩემპიონთა ლიგა იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები