Thumbnail
  • ვემბანიამამ საზაფხულო ლიგის მე-2 მატჩში ორმაგი დუბლი გაიფორმა
  • ფრანგმა კალათბურთელმა შეხვედრის შემდეგ მედიასთან ისაუბრა

ლას ვეგასში მიმდინარე NBA-ს საზაფხულო ლიგაზე სან ანტონიო სპურსმა მეორე შეხვედრა გამართა. ტექსასური გუნდი ამჯერად პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს დაუპირისპირდა და 80:85 დამარცხდა. ამ მატჩშიც ყურადღების ცენტრში, რა თქმა უნდა, დრაფტის პირველი ნომერი ვიქტორ ვემბანიამა იყო, რომელსაც სადებიუტო შეხვედრისგან განსხვავებით, მაგარი მატჩი ჰქონდა.

ფრანგმა კალათბურთელმა 26:57 წუთში 27 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა, მის ანგარიშზე ასევე 3 დაფარება და 1 ჩაჭრაა. ვემბის ჩაგდებული ბურთების გაცილებით უკეთესი პროცენტიც ჰქონდა - წინა შეხვედრაში მან თამაშიდან 13-დან მხოლოდ 2 ბურთი ჩააგდო, დღეს კი 14-დან 9 (4-დან 2 სამქულიანი).

თამაშიდან 14-დან 9 ბურთი ჩააგდო

სან ანტონიო მე-4 მეოთხედის დაწყებამდე 16 ქულით აგებდა, მაგრამ 19 წლის კალათბურთელის მიერ პერიმეტრიდან ჩაგდებული ბურთის შემდეგ, თამაშის დასრულებამდე 1:58 წუთით ადრე, სხვაობა 1 ქულამდე შეამცირა. მიუხედავად ამისა, სპურსმა გამარჯვების მოპოვება მაინც ვერ მოახერხა და საზაფხულო ლიგაზე ზედიზედ მეორე მატჩში დამარცხდა.

"ვისურვებდი, რომ თამაში მოგვეგო. ვფიქრობ, მეტის გაკეთება შემეძლო, რომ თამაშის მოსაგებად გუნდს დავხმარებოდი. ჩვენ სწავლა უნდა გავაგრძელოთ. სამი მეოთხედის განმავლობაში საუკეთესოები არ ვიყავით, მეოთხე მეოთხედში კი ვდომინირებდით. ეს გუნდის ხასიათს აჩვენებს. ჩემი აზრით, ნორმალურია, რომ ყველა თამაშში უკეთესები ვხდებით. 2 დღის წინ მე პირველი შეხვედრა ჩავატარე", - აღნიშნა ვემბანიამამ ESPN-თან.

სპურსს საზაფხულო ლიგაზე 3 შეხვედრა დარჩა გასამართი, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, იქნება თუ არა დანარჩენ მატჩებში ფრანგი. 29 ივნისს, საზაფხულო ლიგის მეორე ვარჯიშის დროს მან განაცხადა, რომ ტურნირზე მინიმუმ ერთ ან ორ მატჩში მიიღებდა მონაწილეობას.

"ამის შესახებ გრეგს უნდა ველაპარაკო. მოვუსმენ იმას, რასაც ის მეტყვის", - თქვა ვემბიმ.

სპურსის განაცხადში არ იყო სანდრო მამუკელაშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ტექსასელებთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კომენტარები

ბოლო ამბები