Thumbnail

32 წლის ოქსანა კალაშნიკოვა უიმბლდონის ღია პირველობის წყვილთა თანრიგის მეოთხედფინალშია! "დიდი სლემის" ტურნირებზე ეს მიღწევა საუკეთესოა 1995 წლის იანვრის შემდეგ, როცა ლეილა მესხმა მელბურნში რუს ეუგენია მანიუკოვასთან ერთად ავსტრალიის ღია პირველობის ¼ ფინალში ითამაშა. მაშინ ლეილა მის მეწყვილესთან ერთად, ჯიჯი ფერნანდესისა (აშშ) და ნატაშა ზვერევას (ბელარუსი) დუეტთან დამარცხდა, რომელიც შემდეგ ფინალში გავიდა.  

ოქსანა დები უილიამსების წინააღმდეგ. 2014 წლის უიმბლდონი

ოქსანა კალაშნიკოვა თბილისშია დაბადებული, ის ცაციაა და წყვილთა თანრიგზე სპეციალიზირდება. მას WTA-ს 5 ტიტული აქვს მოგებული. ოქსანას ანგარიშზეა ასევე 3 WTA-ს ჩელენჯერი და 30 ITF -ის ტურნირი (აქედან 25 წყვილებში). მისი მიღწევა მსოფლიოს 43-ე ჩოგანია წყვილებში (2016). ამ შედეგის გაუმჯობესება მას უიმბლდონზე ნახევარფინალში გასვლით შეუძლია. 

საინტერესო ფაქტები

🟠 ნიკოლოზ ბასილაშვილის საუკეთესო მიღწევა "დიდი სლემის" ტურნირებში მე-4 წრეა 2018 წლის ამერიკის ღია პირველობაზე, რაც ერთეულთა თანრიგში მერვედფინალს ნიშნავს. ნიკას "დიდი სლემის" ტურნირებზე მე-3 წრეში ხუთჯერ იასპარეზია. რაც შეეხება წყვილებს, ბასილაშვილის საუკეთესო მიღწევა შარშანდელი უიმბლდონი იყო, როცა ის (რადუ ალბოტთან ერთად) მერვედფინალში გავიდა.

🟠 ოქსანა კალაშნიკოვა სულ მეორე ჩოგბურთელია, ვინც საქართველოს სახელით "დიდი სლემის" ტურნირის მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, ლეილა მესხის შემდეგ. ლეილამ ეს (საქართველოს სახელით) ორჯერ შეძლო.

🟠 ირაკლი ლაბაძის საუკეთესო შედეგი იყო უიმბლდონის მერვედფინალი 2006 წელს. მაშინ ირაკლიმ მომავალ ფინალისტ რაფა ნადალთან წააგო. იმავე წელს ლაბაძემ უიმბლდონზე წყვილების მერვედფინალშიც ითამაშა.

ანა ტატიშვილი აზარენკასთან მატჩში

🟠 ანა ტატიშვილის საუკეთესო შედეგი ამერიკის ღია პირველობის მერვედფინალია (2012 წ.). მაშინ ანამ ვიკტორია აზარენკასთან წააგო, რომელიც შემდეგ ფინალში გავიდა. ერთი წლით ადრე ამერიკის ღია პირველობაზე ანა წყვილთა თანრიგის მერვედფინალში გავიდა.

🟠 ლეილა მესხმა 1990 წელს ითამაშა ამერიკის ღია პირველობის მეოთხედფინალში. ლეილამ მაშინ მომავალ ჩემპიონ გაბრიელა საბატინისთან წააგო. ამის გარდა მას "დიდ სლემზე" ერთეულთა თანრიგში სამჯერ აქვს მერვედფინალი ნათამაშები. რაც შეეხება წყვილებს, 1991 წლის ამერიკის ღია პირველობაზე არგენტინელ მერსედეს პასთან ერთად ნახევარფინალი ითამაშა. გარდა ამისა, ლეილამ ორჯერ ითამაშა "დიდი სლემის" ტურნირების მეოთხედფინალში წყვილთა თანრიგში. ამჯერად, ორჯერვე საქართველოს სახელით - 1994 წლის როლან გაროსზე ეუგენია მანიოკოვასთან ერთად, ხოლო 1995 წელს - ავსტრალიის ღია პირველობაზე (იმავე მეწყვილესთან).  

მესხი და ზვერევა ბარსელონას ოლიმპიადაზე გაერთიანებული გუნდის სახელით. 1992 წ.

🟠 საუკეთესო ქართულ მიღწევად რჩება ალექსანდრე მეტრეველის (საბჭოთა კავშირის სახელით) ფინალი 1973 წლის უიმბლდონზე. მეტრეველს "დიდი სლემის" ტურნირებზე ამის გარდა 4-ჯერ აქვს ნახევარფინალში ნათამაშები (2-2 ერთეულებში და წყვილებში).  

🟠 ოქსანა კალაშნიკოვას ახალგაზრდულ ასპარეზზე საუკეთესო წელი 2007-ში ჰქონდა, როცა ამერიკის ღია პირველობის ფინალში გავიდა წყვილებში, ერთეულებში კი - ნახევარფინალში. 

კომენტარები

ბოლო ამბები