Thumbnail

სანდრო ბაზაძის ლიდერობით - მსოფლიოს ჩემპიონატზე 16 ქართველი მოფარიკავე გამოვა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • სანდრო ბაზაძე ეცდება, შარშან ქაიროში ნაჩვენები შედეგი გააუმჯობესოს
  • მსოფლიოს პირველობას 22-30 ივლისს იტალიის ქალაქი მილანი უმასპინძლებს

საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები 16 სპორტსმენით იქნება წარდგენილი მსოფლიოს მოახლოებულ ჩემპიონატზე, რომელსაც 22-30 ივლისს იტალიის ქალაქი მილანი უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრების ღირსებას სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, ვახტანგ არჩვაძე, ნიკოლოზ ჭეიშვილი, ლიკა ჯიჯეიშვილი, ალექსანდრა კუვაევა, ევა აჰამიანი, მაია გუჩმაზოვა, არინა კორნეევა,  ტამილა მურიდოვა, ანასტასია სპასი, გიორგი ჯავახიშვილი, ანზორ ალბრეხტი, ლუკა ღაღანიძე, ლაშა გალუაშვილი და არჩილ უგულავა დაიცავენ.

შარშანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ცხადია, ყველაზე დიდი მოლოდინი 29 წლის სანდრო ბაზაძის მიმართ არსებობს, რომელიც მოხმალავეთა მსოფლიო რეიტინგს დიდი უპირატესობით ლიდერობს და საოცარი სერიაც აქვს.

ზედიზედ 13 ტურნირია (მსოფლიოს ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, გრან პრი, მსოფლიოს თასი, ევროპული თამაშები) ქართველი მოფარიკავე კვარცხლბეკს მიღმა არ დარჩენილა. მის ანგარიშზე 6 ოქროს, 4 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალია.

ცნობისთვის, შარშან მსოფლიოს ჩემპიონატს ეგვიპტის დედაქალაქმა ქაირომ უმასპინძლა და სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედლის მოპოვება მოახერხა. ქართველი მოფარიკავე მხოლოდ სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ არონ სილაგისა (უნგრეთი) და მაქსიმ პიანფეტის (საფრანგეთი) ჩამორჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები