Thumbnail

საქართველოს 20-წლამდელთა სარაგბო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასამართი დასკვნითი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე ტურნირის ბოლო შეხვედრას ახალზელანდიელ თანატოლებთან ჩაატარებენ და ეს, ნამდვილად დიდი გამოწვევაა.

ლადო კილასონია: "უელსთან შეხვედრის შემდეგ ცხელ გულზე ვთქვი, რომ მეტოქე ჩვენზე ერთი თავით მაღლა იდგა, მაგრამ როდესაც თამაში გავარჩიეთ დავინახე, რომ ასე ნამდვილად არ იყო. 2-3 შეცდომა დავუშვით, რის გამოც მდევრის როლში აღმოვჩნდით და ამან ჩვენი გეგმები შეცვალა. რაც შეეხება ახალ ზელანდიასთან მომავალ თამაშს, ვინც რაგბის უყურებს ყველამ იცის როგორი სახიფათო გუნდია ის, განსაკუთრებით კონტრშეტევისას და მაშინ, როცა სწრაფი ბურთი აქვს. ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა. შევეცდებით, ჩვენი თამაში ერთი საფეხურით კიდევ უფრო წინ წავწიოთ".

უმცროსი ბორჯღალოსნებისთვის უელსთან დაპირისპირება წარუმატებელი გამოდგა

შეგახსენებთ, რომ ქართველმა 20-წლამდელებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე არგენტინა (20:0) და იტალია (30:17) დაამარცხეს, ერთადერთი მარცხი კი სამხრეთ აფრიკასთან (23:33) განიცადეს.

ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა ბრძოლა მეხუთე-მერვე ადგილებისთვის გააგრძელა და უელსთან 21:40 წააგო. ახალ ზელანდიასთან გამარჯვების შემთხვევაში, უმცროსი ბორჯღალოსნები მე-7 პოზიციაზე გავლენ და ეს, ჩვენი გუნდისთვის ისტორიაში საუკეთესო შედეგი იქნება.

ხვალ, “ჯუნიორ ოლ ბლექსთან” დაპირისპირება სტელენბოშის Danie Craven Stadium-ზეა დაგეგმილი და თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები