Thumbnail
  • საქართველო 26:50 ახალი ზელანდია
  • საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მერვე ადგილზე გავიდა

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ბოლო მატჩი მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალი ზელანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მეორე ტაიმში თამაშის ხარისხი გამოასწორეს და უმცროს ოლ ბლექსთან მაგარი რაგბი ითამაშეს, თუმცა დამარცხდნენ.

ახალზელანდიელებისთვის შეხვედრა კარგად დაიწყო, საქართველოს მეტოქე 30 წუთში 29:0-ს იგებდა: ტანგიტაუმ დუბლი შეასრულა, ხოლო თითო ლელო სთოდარტის, ლაკაისა და ჰოთჰემის ანგარიშზე იყო.

საქართველომ პირველი ქულები 33-ე წუთზე მოიპოვა, როდესაც ვაჟა მიქაძემ შესანიშნავად ითამაშა და ახალ ზელანდიას ლელო დაუდო, რომელიც პეტრე ხუციშვილმა გარდასახა - 7:33. ტაიმის ბოლო წუთზე ახალზელანდიელებმა ბასა ხონელიძე ვერ გააჩერეს და მან ტურნირზე მეოთხე ლელო გაიტანა, პეტრე ხუციშვილის გარდასახვა ისევ ზუსტი იყო და პირველი ნახევარი 14:33 დასრულდა.

ლადო კილასონიას გუნდი მეორე ტაიმში კიდევ უფრო მაგრად ათამაშდა, ჯერ ირაკლი აფციაურმა დადო ლელო, რის შემდეგაც ბასა ხონელიძემ დუბლი შეასრულა და საქართველო სხვაობა 7 ქულამდე შეამცირა - 26:33.

ახალზელანდიელებმა ლელოს შემდეგ სიფრთხილე გამოიჩინეს და ჯარიმა კარში დაარტყეს, რითიც 10 ქულით წინ გავიდნენ - 36:26. უმცროსმა ოლ ბლექსმა ტემპს მოუმატა და ჩე კლარკმა შესანიშნავი თამაში ლელოთი დააგვირგვინა, გარდასახვაც ზუსტი იყო და ახალი ზელანდია 17 ქულით დაწინაურდა. მეტოქემ დარჩენილ დროში საჯარიმო ლელოც მიითვალა და მატჩში 50 ქულა დააგროვა. საქართველო 26:50 დამარცხდა და მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი მერვე ადგილზე დაასრულა, რაც ყველაზე მაღალი შედეგია 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატებზე ასპარეზობის ისტორიაში.

კომენტარები

ბოლო ამბები