Thumbnail
  • ბუდუ ზივზივაძის შეძენით ჩონბუკია დაინტერესებული, რომელიც K ლიგაში მე-4 ადგილზეა
  • ჩონბუკში შარშან თორნიკე ოქრიაშვილის დადასტურებული ტრანსფერი ჩაიშალა

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე კარლსრუეს დატოვებას და კარიერის სამხრეთ კორეაში გაგრძელებას აპირებს. ადგილობრივი მედია წერს, რომ 29 წლის ფორვარდის შეძენით ჩონბუკია დაინტერესებული.

სავარაუდო ტრანსფერის დეტალებზე სამხრეთკორეელები არაფერს წერენ, მაგრამ კლუბის ვინაობა ცნობილი გახდა. ჩონბუკი ამჟამად K ლიგაში 23 ტურის შემდეგ 37 ქულით მესამე-მეოთხე ადგილებს სეულთან ერთად იყოფს, თუმცა ლიდერ ულსან ჰიუნდაისთან ჩამორჩენა 16 ქულაა.

აღსანიშნავია, რომ ზუსტად ერთი წლის წინ ჩონბუკმა თორნიკე ოქრიაშვილის ტრანსფერი დაადასტურა, მაგრამ ზუსტად ორ კვირაში გააკეთეს განცხადება, რომ ტრანსფერი არ შედგებოდა, რის მიზეზადაც სამედიცინო შემოწმებაზე ჩავარდნა დაასახელეს.

სამხრეთ კორეაში ვაკო ყაზაიშვილი (ულსანი) და ბექა მიქელთაძე (გვანჯუ) თამაშობენ. ვაკო სულაც 11 გოლით საუკეთესო ბომბარდირია (კიდევ ორ ფეხბურთელთან ერთად), ხოლო ცოტა ხნის წინ ივნისის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. კორეაში ასევე თამაშობდა ნიკა კაჭარავაც.

ბუდუ ზივზივაძე კარლსრუეს მიმდინარე წლის დასაწყისში შეუერთდა და KSC-ს მაისურით გასულ სეზონში 10 მატჩში 1 გოლი გაიტანა. ბუდუს გაუჭირდა ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება, რისი ერთ-ერთი მიზეზიც ტრავმა იყო. მას გერმანელებთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს, შესაბამისად, ჩონბუკს ტრანსფერში ფულის გადახდა მოუწევს. ბუდუს კარიერაში დინამო თბილისში, ტორპედოში, სამტრედიაში, მეზოკოვეშდში, ესბიერგში, ფეჰერვარსა და უიპეშტში აქვს ნათამაშები, საქართველოს ნაკრების მაისურით კი 17 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები