Thumbnail
  • კიმ მინ-ჯემ ბაიერნში გადასვლის შემდეგ პირველი პრესკონფერენცია გამართა
  • რეკორდმაისტერის ახალწვეული ჟურნალისტების წინაშე პარასკევს წარსდგა

ბაიერნის ამხანაგურ მატჩს როტახ-ეგერნთან ტრიბუნიდან თვალს კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული შენაძენიც რომ ადევნებდა, ული ჰიონესმა მხოლოდ მას შემდეგ შეამჩნია, რაც მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა მასზე საჩვენებელი თითით მიანიშნა. რეკორდმაისტერის საპატიო პრეზიდენტი მაშინვე შეტრიალდა და კიმ მინ-ჯეს მხარზე ხელის დარტყმით მიესალმა.

ტუხელი ძალიან ბედნიერი ჩანდა ახალი მცველის პირადად ნახვით. მანამდე, ბაიერნის მწვრთნელი სამხრეთკორეელ ფეხბურთელს ხშირად ესაუბრებოდა ვიდეოზარებით და სწორედ პირადად მან დაარწმუნა ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი, რომ ნაპოლიდან ბაიერნში გადასულიყო. ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, რომ თავად კიმს მთელი თამაში სახიდან ღიმილი არ მოშორებია.

26 წლის კიმი, მიუნხენური გრანდის ფეხბურთელის რანგში, გერმანელი ჟურნალისტების წინაშე პირველად პარასკევს წარსდგა და კორეულად ილაპარაკა, რადგან “ჯერჯერობით ასე ურჩევნია”. ღიმილით მოუყვა მათ სავალდებულო სამხედრო სამსახურზე, რომელიც ახლახან, მიუნხენში ჩასვლამდე გაიარა სამშობლოში. იმის გამო, რომ ჯარში 30-კილოგრამიანი ზურგჩანთებით არბენინეს, ახლა 4 კილოგრამით ნაკლებს იწონის. ასეთი გამხდარი რატომ ხარო, ჰკითხა ბაიერნის გენერალურმა დირექტორმა იან-კრისტიან დრეეზენმა. კიმის პასუხი: “ბევრი ვივარჯიშე.”

დრეეზენი ამბობს, რომ ბაიერნს ზუსტად ასეთი მენტალიტეტის მქონე ფეხბურთელი სჭირდებოდა. 

3-ნომრიან მაისურზე სამხრეთკორეელი არა გვარს, არამედ სახელს იწერს, მაგრამ თქვა, რომ ურჩევნია, კიმი დაუძახონ და არა მინ-ჯე. “როცა დაცვითი ფეხბურთის ქვეყანაში საუკეთესო მცველად გასახელებენ, ეს ყველაფერზე მეტყველებს,” - ესეც დრეეზენის სიტყვებია.

კიმი და ბაიერნის გენერალური დირექტორი იან-კრისტიან დრეეზენი

როგორ ტაქტიკურ სქემაში ურჩევნია თამაში? ამ კითხვაზე კიმს პასუხი არ ჰქონდა, რადგან ამბობს, რომ ყველანაირ სქემას მოერგება: “თუ 3 ცენტრალური მცველით ვითამაშებთ, ერთ-ერთი ვიქნები და სულერთია, სად ვიდგები. თუ ჯამში 4 მცველი ვიქნებით, ფლანგზე ალბათ არ დამაყენებენ, მაგრამ თუ საჭიროა, ჩემთვის არც ესაა პრობლემა. მწვრთნელმა მარცხენა მცველადაც რომ დამაყენოს, იქად დავდგები. მარჯვნივ დავჭირდები? არც ეგაა პრობლემა.”

კითხვაზე, რატომ უწოდებენ ასეთ თავაზიან კაცს მეტსახელად “მონსტრს”, კიმმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს ასე უპასუხა: “ეს მეტსახელი კორეაში შემარქვეს. ბევრი მეტსახელი მქონდა, მაგრამ ეს დამრჩა. პოზიტიურად ვუყურებ, რადგან ჩემს სათამაშო სტილს გამოხატავს. სწორედ ამის დადასტურება მსურს აქ, გერმანიაში.”

შეგახსენებთ, რომ მიუნხენის ბაიერნმა ნაპოლის კიმის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაუხადა. კორეელმა ნაპოლიში მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა, მაგრამ ის ძალიან წარმატებული გამოდგა - კიმი გუნდთან ერთად იტალიის ჩემპიონი გახდა, ხოლო თავად სეზონის საუკეთესო მცველად დაასახელეს.

კომენტარები

ბოლო ამბები