- ბენზემას სახით კარლო ანჩელოტიმ საკვანძო ფეხბურთელი დაკარგა
- რეალის მწვრთნელმა ტაქტიკური სქემის შესაძლო შეცვლაზე ისაუბრა
მადრიდის რეალი უმაღლესი დონის კლასიკური ცენტრფორვარდის გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია, რომ “სამეფო კლუბს” ახლა ასეთი არ ჰყავს. კრიშტიანო რონალდოს შემდეგ, ახლა ქარიმ ბენზემას 14-წლიანი ერაც დასრულდა.
მართალია, ხოსელუ მიიყვანეს, მაგრამ 33 წლის თავდამსხმელი უფრო სათადარიგო ცენტრფორვარდადაა ჩაფიქრებული - თანაც, ესპანიოლიდან ერთწლიანი იჯარითაა მისული. თუმცაღა, წინა სეზონში ხოსელუმ დაამტკიცა, რომ იმაზე მეტი შეუძლია, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია - გაიტანა რა 34 მატჩში 16 გოლი იმ გუნდის ფორმით, რომელიც გავარდა. ბენზემას 24 მატჩში 19 გოლი ჰქონდა.
'თუ არ გამოვა, ჩვენი ძველი ტაქტიკური სქემაც ხომ გვაქვს, რომლითაც ამდენ წარმატებას მივაღწიეთ' - კარლო ანჩელოტი
ხოსელუს მთავარი პლუსი თავით კარგი თამაშია. “მისი მოსვლის შემდეგ მეტოქის საჯარიმოში მეტი უპირატესობა გვექნება მეორე სართულზე,” - განაცხადა რეალის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ლოს ანჯელესში, სადაც რეალი ამერიკულ ტურშია და დასძინა, რომ რეალი სატრანსფერო პოლიტიკით “ძალიან ბედნიერია, რადგან ახალწვეულებმა გუნდის ხარისხი გააუმჯობესეს.”
მაგალითად, ფრან გარსიამ რეალის დაცვის მარცხენა ფლანგი გააძლიერა და ანჩელოტი ამბობს, რომ წინა სეზონში ეს პოზიცია რეალში პრობლემური იყო. მადრიდელთა იტალიელი დამრიგებელი ძალიან ნიჭიერ ფეხბურთელს უწოდებს არდა გიულერს: “ის ახალგაზრდაა, ძალიან ნიჭიერი და ვფიქრობ, რომ ჩვენს ფანებს შეუყვარდებათ.”

მილანიდან ბრაჰიმ დიასის დაბრუნებით რეალს შეტევაში ერთი ახალი ოპციაც დაემატა. როცა ჟურნალისტებმა კილიან მბაპეზე კითხვები დააყარეს, ანჩელოტიმ სწორედ ბრაჰიმ დიასზე მიუთითა: “არ ვლაპარაკობ ფეხბურთელებზე, რომლებიც რეალში არ არიან. მხოლოდ იმ მოთამაშეებზე ვილაპარაკებ, რომლებიც ჩვენები არიან და ძალიან მაგრებიც, მაგალითად, ბრაჰიმ დიასზე. ცოტა ხნის წინ არც მასზე ვსაუბრობდი. მილანიდან გაძლიერებული და სრულყოფილი დაგვიბრუნდა.”
რეალის ერთ-ერთი მთავარი ახალწვეული ჯუდ ბელინგემია. ანჩელოტის აზრით, დორტმუნდიდან გადაყვანილი ნახევარმცველი რეალს ისეთ რამეს შემატებს, რაც ძალიან აკლდა: “დაგვემატა მრავალფუნქციური ნახევარმცველი, რომელსაც მეტოქის საჯარიმოში შესვლაც ეხერხება.”

რეალი ჩვეულებრივ 4-3-3 სქემით თამაშობს. ბევრი ესპანური გამოცემა წერს, რომ ანჩელოტი მომავალი სეზონიდან 4-3-1-2 სქემაზეც დაფიქრდება და ამ ტაქტიკას მოსამზადებელ პერიოდში ბევრჯერ გამოცდის. ანჩელოტის ასეთი გეგმა მართლაც აქვს: “ჩვენი შემადგენლობა გაძლიერდა. ცხადია, მინდა, რომ რაღაც ახალიც ვცადოთ. თუ არ გამოვა, ჩვენი ძველი ტაქტიკური სქემაც ხომ გვაქვს, რომლითაც ამდენ წარმატებას მივაღწიეთ.” - ამბობს იტალიელი.
უშუალოდ ანჩელოტისთვის 4-3-1-2 ტაქტიკა სიახლე ნამდვილად არ არის. თავისი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში, მეტწილად მილანში, ტიტულების უმეტესობა სწორედ ამ სქემით აქვს მოგებული.
კომენტარები