- 22-წლიანი ტრადიცია დასრულდა - ბაშოზე ქართველ სუმოისტს არ უასპარეზია
- ნაგოიას ბაშოს ფანტასტიკური ფინიში ჰქონდა
17 წლისა და 101 ბაშოს შემდეგ პირველად (თუ ტრავმის გამო, გამოტოვებულ სამ ტურნირს არ ჩავთვლით) იაპონიაში პროფესიული სუმოს მთავარმა სუპერტურნირმა ქართველი ლევან გორგაძის (ტოჩინოშინი) ჩაიარა. ყოფილმა ოძეკიმ ასპარეზობა მაისის ბაშოზე შეწყვიტა და სპორტიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა. ასე რომ, ივლისის ბაშომ უქართველოდ ჩაიარა.
2001 წლიდან მოყოლებული, ბაშოზე რეიტინგში ერთი ქართველი სუმოისტი მაინც იყო: კოკაი, ცუკასაუმი, გაგამარუ, ტოჩინოშინი. 22-წლიანი ტრადიცია დაირღვა - არც ერთ დივიზიონში ქართველი აღარაა, პროფესიულ სუმოში წარმომადგენელი აღარ გვყავს.
ნაგოიას ბაშო კი ძალიან კარგი სანახავი გამოდგა მიუხედავად იმისა, რომ ოძეკი ტაკაკეიშო თავიდანვე ჩაეხსნა მას, ხოლო დიდი ჩემპიონი ტერუნოფუჯი - მესამე დღის შემდეგ. იმპერატორის თასის მფლობელი სეკივაკე ჰოშორიუ გახდა, 24 წლის მონღოლი - იოკოძუნა ასაშორიუს ძმისშვილი. მან ბაშო 12-3 ბალანსით დაასრულა, გადამწყვეტ ბოლო დღეს კი ელიტური დივიზიონის დებიუტანტი, მე-17 მაეგაშირა ჰაკუოჰო დაამარცხა. ჰაკუოჰო სულ რაღაც 19 წლისაა და ის დიდი ჩემპიონის, მონღოლი ჰაკუჰოს შეგირდია. ჰოშორიუმ უვატენაგეს ილეთით გაიმარჯვა. ამ გამარჯვების შემდეგ მას და ჰოკუტოფუჯის 12-12 მოგება დაუგროვდათ, პლეი ოფში ჰოშორიუმ გაიმარჯვა და იმპერატორის თასს კარიერაში პირველად დაეუფლა. ამასთან, ჰოშორიუს საკმარისი რაოდენობის მოგებები დაუგროვდა ბოლო სამ ბაშოზე და, წესით, მას ოძეკის ტიტულს გადასცემენ.
კომენტარები