- კილიან მბაპეს მომავალი კვლავ გაურკვეველია
- კონფლიქტზე ახლა პარიზის მერმაც ისაუბრა
უკვე ფრანგული მედიაც წერს, რომ კილიან მბაპეს ამბავი “საპნის ოპერად” გადაიქცა.
ფრანგი სუპერვარსკვლავისა და პარი სენ-ჟერმენის კონფლიქტს ახლა პარიზის მერიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კლუბის ხელმძღვანელების საქციელით ძალიან იმედგაცრუებულია.
ან იდალგო RMC-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ მისთვის გაუგებარი და მიუღებელია, რატომ ამოიღო განაცხადიდან პსჟ-მ მბაპე და რატომ არ არის ის მოსამზადებელ შეკრებაზე. “არ მესმის, ვერ ვიგებ, რა თამაშს თამაშობს პსჟ. კილიან მბაპე მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. ვერ ვიგებ ამ ყველაფერს. კილიანი არაჩვეულებრივი ფეხბურთელია, ჩვენ ის პარიზში უნდა შევინარჩუნოთ,” - განაცხადა იდალგომ.
64 წლის პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ მბაპეს პარიზიდან წასვლა არ სურს: “ვფიქრობ და ასეც ვიცოდი, რომ მისი სურვილი აქ დარჩენა იყო. თანაც, საკმაოდ დიდხანს. ასე რომ, აქ საკითხავია, რა თამაშს თამაშობს პსჟ.” - დასძინა მან.
როგორც იცით, პსჟ-მ მბაპე შეკრებაზე არ წაიყვანა. 24 წლის ფეხბურთელი ახლა პარიზელთა მეორე გუნდთან ერთად ვარჯიშობს. პსჟ-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ განაცხადა, რომ ფეხბურთელები, რომლებიც იაპონურ ტურნეზე გუნდთან ერთად არ არიან, კლუბის სამომავლო გეგმებში აღარ მოიაზრებიან. მბაპეს დასჯის მიზეზი ის არის, რომ კილიანს პარიზულ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმება არ სურს. მას ხელშეკრულების ვადა მომდევნო ზაფხულში გასდის. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს, გაისად უფასოდ შეეძლება წასვლა. თავის მხრივ, პსჟ-ს სასტიკად არ უნდა მსოფლიოში უძვირფასესი მოთამაშის უფასოდ გაშვება. ფრანგული მედიის ინფორმაციით, მბაპე მადრიდის რეალთან შეთანხმებულია.

ამასობაში, საუდის არაბეთის კლუბი ალ-ჰილალი მზადაა, პსჟ-ს მბაპეს სანაცვლოდ 300 მილიონი ევრო გადაუხადოს, თავად ფეხბურთელს კი წელიწადში 700 მილიონს სთავაზობს. მედიაში დაიწერა, რომ პარიზელები მზად არიან, ამ წინადადებას დათანხმდნენ, თუმცა საჭიროა მბაპეს თანხმობაც, მასთან მოლაპარაკებები კი ჯერ არ დაწყებულა. გავრცელებულ ცნობებს კილიანი სიცილის ემოჯებით გამოეხმაურა.
სხვათა შორის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მბაპეს ამბებში პოლიტიკოსები ერთვებიან. შარშან კილიანს წასვლა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გადააფიქრებინა…
კომენტარები