Thumbnail

ვერცხლის მედალი მსოფლიოს ჩემპიონატზე - ბაზაძის ისტორიული მიღწევა მილანში

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

მილანში მოფარიკავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე უდიდეს წარმატებას მიაღწია 29 წლის სანდრო ბაზაძემ - ხმლით მოფარიკავეთა ერთეულთა თანრიგში მან ზედიზედ ხუთი მეტოქე დაამარცხა და ფინალში ამერიკელ ელი დერშვიცს დაუპირისპირდა. სამწუხაროდ, ცაცია მეტოქესთან სანდრო ვერაფერს გახდა - 6:15. ამერიკელი თავიდანვე დაწინაურდა, დამაჯერებლად მოიგო და კარიერაში პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ქართველი მოფარიკავე ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ფინალი: სანდრო (მარჯვნივ) ამერიკელი ელი დერშვიცის წინააღმდეგ

სანდრო ბაზაძე, როგორც მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი ხმლით მოფარიკავეთა ძირითად ბადეში პირველ ნომრად იყო განთესილი, ხოლო ბექა ბაზაძე ძირითად ბადეში საკვალიფიკაციოს დაძლევის შემდეგ მოხვდა. ბექა პირველივე წრეში ყველაზე ტიტულოვან მოფარიკავეს, უნრელ არონ სოლაგის (რომელიც მერე ნახევარფინალში დამარცხდა) დაუპირისპირდა. სილაგი სამგზის ოლიმპიური და ორგზის მსოფლიოს ჩემპიონია. სამწუხაროდ, ბექას მასთან შანსი არ ჰქონია - 4:15.

ბადე სანდრომ ძალიან თავდაჯერებულად დაიწყო, 1/32 ფინალში მან გერმანელი ლუის ბონაჰი დაამარცხა - 15:3. აი, შემდეგი წრე კი ტუნისელ ფარეს ფერჯანისთან დაძაბული გამოდგა, 15:13 ბაზაძის სასარგებლოდ. მერვედფინალში მსოფლიოს პირველი ხმალი ამერიკელ მიტჩელ სარონს გაუსწორდა - 15:7. შემდეგი მეტოქე იაპონელი კენტო იოშიდა იყო, რომელსაც სანდრომ 15:9 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა. 

ნახევარფინალი ეგვიპტელთან ყველაზე დრამატული იყო

ნახევარფინალი ეგვიპტელ ზიად ელსისისთან ძალიან დრამატული გამოდგა, ნერვების ომი ქართველმა მოიგო, რომელმაც 14:14-ზე გადამწყვეტი დარტყმა მიაყენა მეტოქეს. მსაჯებმა თავიდან გამარჯვება ეგვიპტელს ჩაუთვალეს, თუმცა მალევე შეცდომა აღიარეს. ასე მოხდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ფარიკაობაში (ინდივიდუალურ დისციპლინაში) ქართველი სპორტსმენი ფინალში გავიდა!

სანდრო ბაზაძემ მიმდინარე სეზონში (2022/23 წლები) უნიკალური მიღწევა დააფიქსირა - სეზონის ყველა (11) ძირითად ტურნირზე (მსოფლიოს ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, ევროპული თამაშები, გრან-პრი, მსოფლიო თასი) მედალი მოიპოვა! აქედან 10-ჯერ ფინალში იასპარეზა! საერთო ჯამში კი, წინა სეზონიდან მოყოლებული, მე-14 შეჯიბრი დაასრულა კვარცხლბეკზე!

დაშნით მოფარიკავე ქალთა შეჯიბრებაში, ძირითადი ბადის პირველივე წრეში დამარცხდნენ მაია გუჩმაზოვა და ანასტასია სპასი. გუჩმაზოვამ დიდი ბრძოლა გაუმართა ჰაიენ ლის (სამხრეთ კორეა) – 14:15, ხოლო სპასი იან მი კანთან (სამხრეთ კორეა) დამარცხდა - 6:15. 

შეგახსენებთ, რომ 29 წლის სანდრო ბაზაძე ევროპის ორგზის ჩემპიონია (2022, 2023), ასევე კონტინენტის პირველობის სამგზის ბრინჯაოს პრიზიორი (2017, 2018, 2019) და შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია. სანდროს ერთხელ გრან-პრი და სამჯერ მსოფლიოს თასი აქვს მოგებული. 

კომენტარები

ბოლო ამბები