- არსენალი 5:3 ბარსელონა
- ტროსარის დუბლი და ფაბიო ვიეირას მაგარი გოლი ბოლო წუთზე
ლოს ანჯელესში გულშემატკივრებმა სანახაობრივი და უხვგოლიანი შეხვედრა იხილეს, რომელშიც არსენალმა ბარსელონა 5:3 დაამარცხა.
ანგარიში მე-7 წუთზე კატალონიელებმა გახსნეს - აბდემ ფლანგიდან საჯარიმოში პასი გაუკეთა რაფინიას, რომლის დარტყმულიც მეკარემ აიღო, მაგრამ დამატებაზე ლევანდოვსკიმ გაიტანა. არსენალმა ანგარიშის გათანაბრება მალევე შეძლო - მე-14 წუთზე საკამ კრისტენსენის შეცდომით ისარგებლა და ტერ შტეგენსაც აჯობა, მალევე ინგლისელ შემტევს მეორე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ პენალტიდან დარტყმული ბურთი კარს ააცილა.
34-ე წუთზე რაფინიამ ჯარიმა შეასრულა, ბურთი კედელში მყოფ ოდეგარს მოხვდა, რომლის მოგერიებაც რამსდეილმა ვერ მოახერხა. ამას ტაიმის მიწურულს ჰავერცის სადებიუტო გოლი მოჰყვა და გუნდები შესვენებაზე თანაბარი ანგარიშით გავიდნენ.
56-ე და 78-ე წუთზე გატანილი გოლებით ტროსარმა დუბლის შესრულება მოახერხა და თავის გუნდს კომფორტული უპირატესობა მოუპოვა. 88-ე წუთზე ფერან ტორესმა სხვაობა შეამცირა, მაგრამ შეხვედრის ბოლოს ფაბიო ვიეირამ ულამაზესი გოლი გაიტანა - მან ბურთი საჯარიმოს გარეთ მიიღო და შორეულ კუთხეში მეკარეს აუღებელი დაურტყა.
შემდეგ შეხვედრას ბარსელონა 30 ივლისს რეალ მადრიდის წინააღმდეგ გამართავს, არსენალი კი 2 აგვისტოს ემირატების თასის ფინალში მონაკოს დაუპირისპირდება.
კომენტარები