Thumbnail

სან ანტონიო სპურსმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ სანდრო მამუკელაშვილთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

კლუბი ხელშეკრულების პირობებს არ ასაჯაროებს, თუმცა მანამდე მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 24 წლის ქართველი კალათბურთელი თანამშრომლობის გაგრძელების შემთხვევაში, სეზონში 2 მილიონ დოლარს გამოიმუშავებდა. 

ლეგენდარული გრეგ პოპოვიჩი სანდროს მიმართ კეთილგანწყობილია

სპურსმა სანდრო 2023 წლის 3 მარტს, მას შემდეგ გაიფორმა, რაც ფორვარდი მილოუოკი ბაქსს დაემშვიდობა, სადაც სათამაშო დრო არ ჰქონდა. “მამუმ” სან ანტონიოს რიგებში 19 მატჩი ჩაატარა და აქედან 7 სასტარტო ხუთეულში დაიწყო. მისი საშუალო სტატისტიკა 23,3 წუთში 10,8 ქულა, 6,8 მოხსნა და 2.4 პასი იყო. რაც მთავარია, გუნდის მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი მამუკელაშვილის მიმართ კეთილგანწყობილი იყო და ის არაერთხელ შეუქია.

ქართველი კალათბურთელი 2021 წელს 54-ე ნომრად ინდიანა პეისერსმა აირჩია და შემდეგ ბაქსში გაუშვა. ვისკონსინურ გუნდში სანდროს ძალიან ცოტა სათამაშო დრო ჰქონდა - მან NBA-ში 65 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 3.2 ქულასა და 2.1 მოხსნას აგროვებდა. 

მამუ ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება

ამჟამად სანდრო მამუკელაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატისთვის ემზადება. ილიას ზუროსის გუნდი იტალიის ქალაქ ტრევიზოშია დაბანაკებული, სადაც გენერალურ შეკრებას გადის.

კომენტარები

ბოლო ამბები