Thumbnail
  • დავიდ მენდეს და სილვას თავისუფლების 7 წლით აღკვეთა მიუსაჯეს
  • იგი დიდი ოდენობით კოკაინის გაყიდვაში და მექრთამეობაში დამნაშავედ ცნეს

ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დავიდ მენდეს და სილვა 7 წელს ციხეში გაატარებს. 40 წლის ექს-ფეხბურთელს, რომელიც ალკმაარის საყრდენი ნახევარმცველიც იყო და 2006-2007 წლებში შოთა არველაძის თანაგუნდელიც გახლდათ, ასეთი მკაცრი განაჩენი დღეს როტერდამის სასამართლომ გამოუტანა. მენდესი დამნაშავედ ცნეს დიდი ოდენობით კოკაინით ვაჭრობასა და მექრთამეობაში. აღსანიშნავია, რომ პროკურატურა მისთვის თავისუფლების 10 წლით აღკვეთას ითხოვდა.

მენდეს და სილვას კოკაინი გადაჰქონდა ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტში, ასევე ანტვერპენის ნავსადგურსა და როტერდამში. მას 74 და 105 კილოგრამი კოკაინის შეტანა დაუმტკიცეს. მას ნარკოტიკული ნივთიერებებით ვაჭრობაში წამყვანი ფუნქცია ჰქონდა, იგი ქრთამს უხდიდა აეროპორტებისა და ნავსადგურების პერსონალს. პოლიციამ მენდეს და სილვა 2022 წლის აგვისტოში ცხელ კვალზე დააკავა.

მენდესი 2009 წელს ალკმაარში ნიდერლანდების ჩემპიონი იყო

დავიდ მენდეს და სილვა 2009 წელს ალკმაარის რიგებში ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა, 2012 წელს კი ზალცბურგთან ერთად ავსტრიის ჩემპიონატი და თასი მოიგო. გარდა ამისა ის ამსტერდამის აიაქსში, როტერდამის სპარტაში და ბერძნულ პანათინაიკოსშიც თამაშობდა. 2007-დან 2009 წლამდე მან ნიდერლანდების ნაკრებში 7 მატჩი ჩაატარა.

კომენტარები

ბოლო ამბები